29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
კორონავირუსის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფეხბურთელია მოთავსებული

ბათუმში ინფიცირებულ სანიტართან დაკავშირებული 50-მდე კონტაქტი მოკვლეულია. მათ შორის არიან 37 წლის ქალის ოჯახის წევრები - მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი. მათი მონაცემები გადამოწმდა და ამ ეტაპზე არც ერთს ვირუსი არ დაუდასტურდა. ოთხივე კარანტინშია გადაყვანილი.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ბათუმში კანდელაკის ქუჩაზე ინფიცირებულის საცხოვრებელ უბანში მივიდა. მეზობლების ინფორმაციით, სანიტართან შეხება არ ჰქონიათ, თუმცა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ადგილზე უკვე ჩატარდა.

37 წლის ქალი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს სანიტარია. მედპერსონალს კორონავირუსი, სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებული პაციენტისგან გადაედო. ის ახლა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით საქართველოს ნაკრების წევრია მოთავსებული. 27 წლის კაცს ვირუსი ყაზახეთში 24 ივნისს დაუდასტურდა. 3 დღის შემდეგ მისი მონაცემები გადამოწმდა და უარყოფითი იყო. ფეხბურთელი საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან კლინიკაში ამ ისტორიით გადაიყვანეს. უკვე საქართველოში, განმეორებითი კვლევების შემდეგ, კოვიდინფექცია დაუდასტურდა. 

ქვეყნის შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია ქვეყანაში. ივნისის თვეში დღის განმავლობაში 1800 მონაცემი გადამოწმდა. ბოლო 5 დღეში კი 6 000-მდე ტესტი გაკეთდა მიზნობრივ ჯგუფებში.

გაიზარდა სამედიცინო პერსონალის გადამოწმების სიხშირე, პერიოდულობა შემცირდა ერთ კვირამდე. მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 12-15 %-მდეა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატვირთო ავტომობილის მძღოლებს, რადგან ბოლო დროს დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია და ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

დღის ამბები