29 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი - პატიმრობაში მყოფი სპორტსმენები ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გადაწყვეტილება ბათუმის სასამართლომ საღამოს გამოაცხადა. პირველმა ინსტანციამ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. პროკურორი აცხადებდა, რომ არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საშიშროება.

დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ. მათი ადვოკატი პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება და გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ზვიად მარკურიძე ამბობს, რომ ბრალდებულები 3 ივლისს პოლიციაში თავად გამოცხადდნენ და შესაბამისად, ბრალდების არგუმენტები უსაფუძვლოა.

გამოძიების ვერსიით, ხუთმა ახალგაზრდამ, რომელთა შორის ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი იური ლომაძე და მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე ფიგურირებენ, 32 წლის მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გურიაში ერთ-ერთ სოფელში სახლში გადაიყვანეს, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოტივად შურისძიება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება დაზარალებულისა და ლომაძის ახლო ნათესავის ურთიერთობას, რომელთაც კონფლიქტი ჰქონდათ. დაპირისპირების ამ ვერსიას სპორტსმენის დედა არ უარყოფს, მაგრამ ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

ის, რომ დაზარალებულს არც ერთი საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს მნიშვნელოვან არგუმენტად მიაჩნიათ ლომაძის ოჯახის ახლობლებს. რომლებიც 5 ახალგაზრდას მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას კატეგორიულად გამორიცხავენ.

ჯერჯერობით უცნობია, დაიბარებენ თუ არა ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის ნათესავს საგამოძიებო უწყებაში. "კურიერის" ინფორმაციით, ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება.

რაც შეეხება პროცესს, წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 28 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები