29 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა

თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

პატიმრობაში დარჩა ყველა დაკავებული, მათ შორის ორი ცნობილი სპორტსმენი, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, იური ლომაძე და მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე.

ადვოკატი ითხოვდა გირაოს, მაგრამ ეს შუამდგომლობა ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაკავებული სპორტსმენის დედა ამბობს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"-უთხრა ჟურნალისტებს დაკავებული სპორტსმენის, იური ლომაძის დედამ, თამარ მორჩილაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 32 წლის მოქალაქეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბათუმში ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოტივად შურისძიება სახელდება.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

დღის ამბები