ევროპის კონტინენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ პანდემიამ "წითელ ზონად" აქცია, მკაცრი ზომების მოხსნის შემდეგ შესაძლოა კორონავირუსის "მეორე ტალღის" პირისპირ აღმოჩნდეს.
ვირუსის ახალი ტალღის პრევენციის მიზნით ესპანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ქვეყანაში ზომები ხელახლა გაემკაცრებინა. კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შედეგად კატალონიაში 200 000-მდე ადამიანი კვლავ კარანტინში მოექცა. მთავრობის გადაწყვეტილებით აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრებაც. ესპანეთისგან განსხვავებით, ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდა დიდ ბრიტანეთში, სადაც დღეიდან პაბები, კაფეები და რესტორნები იხსნება. მუშაობას განაახლებენ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი სილამაზის სალონები, ბიბლიოთეკები, კულტურული თუ სპორტული დაწესებულებები.
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 7 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება. სომხეთში ერთ დღეში ვირუსი 580 ადამიანს, უკრაინაში კი 914 ადამიანს დაუდგინა. აზერბაიჯანში ეს მონაცემი 583-ს, თურქეთში კი თითქმის 1200-ს შეადგენს.
კორონავირუსმა დონალდ ტრამპის ახლო წრეშიც შეაღწია. ვირუსი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველსა და მისი ვაჟის მეგობარ გოგოს დაუდასტურდა. კიმბერლი გილფოილი ორი კვირის წინ ოკლაჰომას დახურულ სტადიონზე პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. კორონავირუსზე ტესტი უმცროს დონალდ ტრამპსაც ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
უკვე რამდენიმე დღეა ამერიკის 7 შტატში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 55 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია. შექმნილი მდგომარეობის გამო ფლორიდის ადგილობრივმა მთავრობამ შტატში დროებით ბარებისა და რესტორნების ხელახლა დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, კვლავ პანდემიის ეპიცენტრად რჩება სამხრეთ ამერიკა, სადაც მექსიკამ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გაუსწრო. ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსის 6 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მხოლოდ ბრაზილიაში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი თითქმის 42 000 ადამიანს დაუდგინდა. პანდემიის მიუხედავად, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კანონს, რომლითაც პირბადის ტარება სავალდებულოს ხდებოდა, ვეტო დაადო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა ამის შედეგად არ გაძლიერებულა. ორგანიზაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლა მსოფლიო ვირუსის პირველი ტალღის მეორე პიკშია.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11 მილიონს გასცდა. ამ ფონზე ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. კორონავირუსის წინააღმდეგ "რემდესივირის" გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში.