29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ბუნდოვანება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში - ათზე მეტი ადამიანიდან ვერავინ იხსენებს, მაგისტრალზე ჩხუბის დროს სად იყო 19 წლის ფეხბურთელი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები ჩნდებიან, ე.წ. საბურთალოელების ჯგუფის მეგობარი ლუკა ბეჟანიშვილი და ტაქსის მძღოლი კახა სანდოძე. სანდოძემ მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე წამოიყვანა. ირკვევა, რომ ორივე იმავე ტერიტორიაზე იმალებოდა სადაც გიორგი შაქარაშვილი, თუმცა ადგილი ისე დატოვეს, რომ მეგობრის სამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ და მისი გაუჩინარება არც ტაქსიში უხსენებიათ. საინტერესოა ისიც, რომ მცხეთაში მისულმა ტაქსის მძღოლმა ახვლედიანს დარეკვის ნაცვლად, ნიშანი - მანქანის სიგნალით მისცა.

ტაქსის მძღოლი "კურიერთან" იმ ღამის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მანქანში ჩასხდომის შემდეგ ახველედიანს და ქათამაძეს მომხდარის შესახებ არაფერი უთქვამთ.

საქმის მასალებში დევს შაქარაშვილის ჩანთის ფოტოც - ეს გიორგის გაუჩინარების ეპიზოდის ერთ-ერთი ბუნდოვანი ნაწილია. როგორ მოხვდა, ან ვინ, ან რატომ დადო ჩანთა მდინარის ბეტონის ჯებირზე - როცა თითქმის გაუვალ ბილიკზე მოძრაობა ღამით ისედაც რთულია, რატომ ეცალა შაქარაშვილს სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩანთის ბეტონზე მოსათავსებლად გაუგებარია. შავი ჩანთა იმ კადრებშიც ჩანს, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათებია ასახული, ავტომაგისტრალზე გადაღებულ ვიდეოში 19 წლის ფეხბურთელს ჩანთა მხარზე აქვს გადაკიდებული. ნივთს უკვე ჩაუტარდა დნმ კვლევა, შედეგით გაირკვევა შეეხო, თუ არა მას შაქარაშვილის გარდა ვინმე.

12 ტომიანი საქმის მასალებში დევს ათობით ვიდეო და ფოტო, რომელიც დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდს ასახავს. კადრებში ჩანს, რომ გიორგი შაქარაშვილი არც ერთ ეპიზოდში არ მონაწილეობს და ყველა შემთხვევაში მეგობრების დამშვიდებას ცდილობს. ეს კადრები აგარაკის მიმდებარედ არის გადაღებული, ადგილზე ჩანს წვეულების მასპინძელი ანი გაბეჩავაც.

დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა: მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა, ისევ ღიად რჩება. მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებიდან დღეს ავტომანქანით შეჯახება გამოირიცხა. დაზიანება, რომელიც ტოიოტას მარკის ავტომობილზე იყო ექსპერტიზის დასკვნით მყარ საგანთან და არა ადამიანთან შეჯახებით არის გამოწვეული. სწორედ ამ მანქანით იმყოფებოდნენ ავტომაგისტრალზე ნაძალადეველები, როდესაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.

ახლა გამოძიებაც და გიორგი შაქარაშვილის ოჯახიც ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როდის მიიღო გიორგიმ დაზიანებები სხეულზე და იყო თუ არა ცოცხალი, როდესაც ის მდინარე არაგვში აღმოჩნდა. 12 ტომიან საქმეში დევს გვამის დათვალიერების პირველი ოქმიც, საიდანაც ირკვევა, რომ სხეულზე შაქარაშვილს ჭრილობები არ აღმოაჩნდა, მიუხედავად ამისა ექსპერტი სხვა დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო.

საქმეში კითხვები აღარ არსებობს რკინის ხელკეტზე, რომელზეც საუბარი იყო საქმის დაწყებისთანავე. ბრალდებული ნიკოლოზ ჟვანია ჩვენებაში ადასტურებს, რომ ნივთი მას ჰქონდა და ავტომაგისტრალზე ჩხუბშიც გამოიყენა, ადგილზე საიდანაც 19 წლის ახალგაზრდას კვალი იკარგება. ამ ჩვენებით დგინდება, რომ შაქარაშვილის მეგობრები რამდენჯერმე სცემეს. ათზე მეტი ადამიანიდან ვერავინ იხსენებს, სად იყო ამ დროს 19 წლის ფეხბურთელი.

ვიდრე ჟვანია და მერსედესით გზატკეცილზე მისულები ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, საქმის მასალების მიხედვით, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე შენობაში იმალებოდა. ბუნდოვანი რჩება ეს ეპიზოდიც, ბრეგვაძის ჩვენებით სწორედ აქედან დარეკა მან 112-ში, თუმცა ორივე ინციდენტი ისე ამოიწურა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილას არ გამოცხადებულა.

ამავე ჩვენებით ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე თბილისში "შკოდის" მარკის ავტომობილით პოლიციის თანამშრომლებმა წამოიყვანეს, თუმცა საიდან მოხვდა ადგილზე "შკოდა" და რატომ არ მოახდინეს სამართალდამცავებმა მომხდარზე რეაგირება, ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები