29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ვის კვალს ეძებენ ექსპერტები შავ ჩანთაზე და ვინ გაგზავნა ტაქსის მძღოლი მცხეთაში ახვლედიანისა და ქათამაძის წამოსაყვანად - ახალი ფიგურანტები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, გარდაცვალების 10 ტომიან საქმეს კიდევ 2 ტომი დაემატა, ამ ახალ ტომებში კი ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ მოწმესა და გამოძიების მიერ დაზარალებულად ცნობილ ვახტანგ ახვლედიანთან არიან დაკავშირებული. კერძოდ, "კურიერმა" მოიპოვა იმ ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე მცხეთიდან წამოიყვანა. სწორედ მას სთხოვა თანაუბნელმა ლუკა ბეჟანიშვილმა მისი მეგობრების მცხეთიდან წამოყვანა.

ირკვევა, რომ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე და იმალებოდნენ იმ ხიდთან, სადაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.

ტაქსის მძღოლს მგზავრებთან კომუნიკაციის უჩვეულო საშუალება ჰქონდა შერჩეული. როდესაც ის დანიშნულების ადგილზე ხიდთან მივიდა, 3-ჯერ დაასიგნალა, რის შემდეგაც არაგვის ხიდის ქვემოთა ტერიტორიიდან გამოჩნდნენ ახვლედიანი და ქათამაძე, რომლებიც მან თბილისში წამოიყვანა. როგორც ტაქსის მძღოლის ჩვენებაშია ნათქვამი, მათ მომხდარი ჩხუბის დეტალების შესახებ არ უსაუბრიათ და არც შაქარაშვილი უხსენებიათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, სადაც ტაქსის მძღოლის თქმით, 3-ჯერ დასიგნალების თხოვნა ლუკა ბეჟანიშვილისგან მოდიოდა, ის "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ახვლედიანთან და ქათამაძესთან კომუნიკაციის ეს გზა იმის გამო აირჩია, რომ ტელეფონი არ ჰქონდა.

ტაქსის მძღოლის ჩვენებიდან ჩანს, რომ მან ადგილზე ასევე ნახა შავი ფერის "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი, რომელშიც მისი უბნელი ირაკლი დაფქვიაშვილი იჯდა. საბურთალოელი ირაკლი დაფქვიაშვილი, რომელიც ლუკა ბეჟანიშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის უბნელია, საქმის ახალი ფიგურანტია, თუმცა რა მიზნით ჩავიდა ის მცხეთის ხიდთან, უცნობია.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბევრი ბუნდოვანი დეტალია, მათ შორის არის შავი ფერის ჩანთა, რომელიც მას ეკუთვნოდა. "კურიერის" მიერ მოპოვებულ მასალებში არის ფოტოები, რომელზეც ასახულია ეს ჩანთა. ჩანთა დევს ბეტონი ჯებირზე და კითხვას აჩენს ის, თუ როგორ მოხვდა ამ ადგილზე. ხიდის ქვეშ გზა საკმაოდ გაუვალია და ჩანთის დავარდნის შემთხვევაში ის ჯებირზე დადებული არ აღმოჩნდებოდა.  ჩანთას ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც უნდა დაადგინოს გიორგი შაქარაშვილის გარდა კიდევ ვისი დნმ არის მასზე და ეკუთვნით თუ არა ეს დნმ ნარეკვავში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს.

დღის ამბები