19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. მტკიცებულებებს ახალი ვიდეოკადრები და ფიგურანტები დაემატა. მცხეთის პოლიციაში კი დაკითხვების ახალი სერია მიმდინარეობს.
შეეჯახა თუ არა გიორგი შაქარაშვილს ავტომობილი? - ამის დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზაც და როგორც დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ამბობს, შეჯახების ალბათობა გამოირიცხა. გარდა ამისა, საქმის ათ ტომს კიდევ ორი დაემატა, თუმცა დეტალები ამ დროისათვის იურისტებისთვის უცნობია.
"ვერსია, რომელიც იყო საგამოძიებო ორგანოში, თუ საზოგადოებაში, რომ შესაძლოა შაქარაშვილზე ავტომობილით განხორციელებულიყო შეჯახება, ეს გამოირიცხა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, რითაც ფაქტობრივად გამოირიცხა ადამიანთან შეჯახება და პირდაპირ გვაქვს, რომ ეს არის მოქმედი ძალით განვითარებული, ავარიული ხასიათის, ბლაგვ საგანთან შეჯახების შედეგად წარმოქმნილი დაზიანება," - აცხადებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
სწორედ გაგნიძე და მახარაძე იყვნენ შავი ფერის "ტოიოტა ქამრიში", რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს.