29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
რა გახდა კასპში ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი - ჩვილის დედას ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება

ახალგაზრდა ქალმა შველა მას შემდეგ ითხოვა, რაც მარტო მყოფმა სახლში იმშობიარა. 30 წლამდე ქალის სახლში მისულ მეზობლებს ჩვილი გარდაცვლილი დახვდათ. ერთ-ერთი ვერსიით, დედამ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ საპირფარეშოში ჩააგდო, თუმცა ამ ვერსიას მეზობლები გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. მომხდარზე ახალგაზრდა ქალის ოჯახში არ საუბრობენ.

მეზობლები არ გამორიცხავენ ვერსიას, რომ ქალს არც კი სცოდნოდა ორსულობის შესახებ. ისინი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ.

ჩვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი იციან არც ახალშობილის დედის სოფელში. საქმეზე ექსპერტიზების ნაწილი უკვე ჩატარდა, ნაწილი უკვე დანიშნულია, მათ შორის, ახალგაზრდა ქალის ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეამოწმებენ.

მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, ზოგადი მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ქალს მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს და დახმარებას საჭიროებს.

ჩვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოიკითხა ახალშობილის დედა, ჩვილს ექსპერტიზა ჩაუტარეს. რა გახდა ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი, ეს მოგვიანებით უნდა გახდეს ცნობილი. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები