29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
მორიგი შენიშვნები საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან მეორე დღეს - დიპლომატები კოდექსში დარჩენილ ხარვეზებზე საუბრობენ

საარჩევნო კოდექსის მიღებიდან მეორე დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებმა საკუთარ განცხადებებში აქცენტი კანონმდებლობაში უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელებაზე გააკეთეს.

ამომრჩევლის შესაძლო დაშინებასა და საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობაზეა საუბარი ამერიკის საელჩოს განცხადებაში და ნათქვამია, რომ კანონში პოზიტიური ცვლილებების შეტანასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ დარჩა.

ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების მთავარი გზავნილიც. დიპლომატი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ ცვლილებებს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს.

ევროკავშირის ელჩის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციის მსგავსად ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელიც მოითხოვს, რომ საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ საკითხებს ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს. კრისტიან ურსე "კურიერთან" ამბობს, რომ რისკების შესამცირებლად მუშაობის გაგრძელებაა აუცილებელი.

პარტნიორი ქვეყნების შეფასებებს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიღებული ცვლილებები საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. რაც შეეხება მთავარ შენიშვნას ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ, სპიკერი ამბობს, რომ ეს რისკები მოხსნილია.

საარჩევნო კოდექსს არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებები ვერ გადაჭრის ვერც ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების და ზეწოლის შესაძლებლობას და აუარესებს პარტიების მდგომარეობას.

საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად საარჩევნო კოდექსში დარჩენილ ხარვეზებზე საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, ნაწილისთვის კი ამ ხარვეზების მიუხედავად დოკუმენტი მისაღებია.

ოპონენტების და პარტნიორი ქვეყნების შეფასებების საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" ამბოობენ, რომ "ეუთო" და "ოდირის" რეკომენდაციების უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში ასახულია და ამ ცვლილებებმა საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას დაახლოებით 1 წელი დასჭირდა, დოკუმენტი "ეუთო/ოდირის" რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და ის გუშინ დაჩქარებული წესით განიხილეს და დაამტკიცეს. ახალ საარჩევნო კანონმდებლობას 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები