29 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები და მორგებული პირობები - როგორ მიიღო დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიებმა 7 მილიონამდე ლარი

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში ასახულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ მმართველი გუნდის დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობა შეისწავლა და საბოლოო დოკუმენტით ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდა შეისწავლოს კორუფციის შესაძლო ნიშნები. საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც 2018 წლიდან დღემდე დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს.

კვლევის მიხედვით, 6 მილიონი ლარიდან 58 ათას ლარამდე იმ კომპანიაზე მოდის, რომლის წილს თავად ჯაფარიძე ფლობს. ამ თანხად "სეტი+"-სგან სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. დოკუმენტში მოხვდა ჯაფარიძის შვილის კომპანიებიც. ირკვევა, რომ ოთარ ჯაფარიძის "ექსპერტ ჰაუსი" 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 2 571 000 ლარი შეადგინა.

ოთარ ჯაფარიძე 50%-იანი წილის მფლობელია "TOB კონსტრაქშენშიც". 2018 წელს შპს სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ქვიშა-ღორღისა და ბეტონის შესყიდვის ტენდერში მოთხოვნა იყო, რომ ქარხანა უნდა ყოფილიყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში.

ბრალდებას კორუფციულ გარიგებასთან და ტენდერის კომპანიაზე მორგებასთან დაკავშირებით უარყოფს "TOB კონსტრაქშენის" დირექტორი. ოთარ მაზმიშვილი ამბობს, რომ სამშენებლო ობიექტთან ახლოს მათი ქარხნის გარდა სხვა არ არსებობს.

"გამჭვირვალობის" კვლევას დღეს ჯაფარიძის თანაგუნდელებიც გამოეხმაურნენ. "გამჭვირვალობა" კვლევის გამო "ოცნების" წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიაში დაადანაშაულა ირაკლი კობახიძემ. მედიის შეკითხვას მოკლედ უპასუხა პრემიერმაც.

სუს-თან ერთად, "გამჭვირვალობა" საჯარო სამსახურის ბიუროსაც მიმართავს. ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის ბიზნესპარტნიორები "ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან. ვიქტორ ჯაფარიძეს საკუთარი და მეუღლის პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არც ერთხელ არ მიუთითებიათ.

დღის ამბები