29 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
გერმანულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა ქართულ მართლმსაჯულებას - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და გერმანიის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების თაობაზე - განაცხადეს რამდენიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურაში. 

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს საღამოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში ეტაპირებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არა ერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 

კერძოდ: პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის ,,ციხის ბუნტისა“ და 2012 წლის ,,ციხის კადრების“ საქმეებთან. ამასთან, პირველ შემთხვევაში, დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. ,,ციხის კადრების“ საქმეს, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და საქართველოს პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პირის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა ერთის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და მეორეს მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. კერძოდ, ძებნილის ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა.

ამასთან, ექსტრადიციის საკითხის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში დავით ჭაკუა დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რეალური საშიშროება. აღნიშნულის საპირისპიროდ, გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მსგავსად დღევანდელი შემთხვევისა, ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მის ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები