29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რა დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოუწევთ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარება

რთული და ინოვაციური პერიოდი აბიტურიენტების ცხოვრებაში - აბიტურიენტებს წელს უჩვეულოდ განსხვავებულ გარემოში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოუწევთ გამოცდების ჩაბარება.

2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მსჯელობა და კამათი 2 საკითხზე იყო: გამოცდების პროცესში მოხდებოდა, თუ არა კონდიცირება და პირბადის გამოყენება. რეკომენდაციები დღეს დაზუსტდა.

პირბადის გამოყენება აუცილებელია - რეგისტრაციის, კომუნიკაციის და ნებისმიერი სხვა აქტივობის დროს. უშუალოდ გამოცდის პროცესში შესაძლებელი იქნება პირბადის მოხსნა მხოლოდ ბუნებრივი კონდიცირების შემთხვევაში. აბიტურიენტებს შორის დისტანცია იქნება დაცული და სპეციალური გამჭვირვალე ფარებით იქნება მერხები გამიჯნული. თუ კი გამოცდის ზონაში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიცირება ჩაირთვება და პირბადის გამოყენებაც აუცილებელი იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 24 ცენტრში ჩატარდება. თითოეულ საგამოცდო ადგილზე 3 სხვადასხვა ზონაა გათვალისწინებული. მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის. მათთვისაც, ვისაც გამოცდების დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდება. ერთ სივრცეში 10-ზე მეტი პირის განთავსება დაუშვებელია. ერთიან გამოცდებზე 2 დამკვირვებელი და 2 მედპერსონალი იქნება.

აბიტურიენტების იმ ნაწილს, ვისაც გამოცდის დღემდე ტემპერატურა და კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნება, უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და მათი მონაცემების გადამოწმება მოხდება. საქართველოს მაშტაბით 40-მდე ასეთი ადგილია.

კერძო და საჯარო სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტების მისაღებად ემზადება. სტუდენტებს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე განახლებული სივრცეები დახვდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები