29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ციხის საავადმყოფოს ყოფილი უფროსი საერთაშორისო ძებნილია - ახალი ეპიზოდი ალექსანდრე მუხაძის საქმეში

პატიმარზე ძალადობისთვის ციხის საავადმყოფოს ყოფილი უფროსი წითელი ცირკულარით იძებნება. ბრალი მას პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით წარუდგინა. 6 თვის წინ ეს საქმე ყოფილმა პატიმარმა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.

ალექსანდრე მანუკიანი 2008 წლის 18 იანვარს იხსენებს. დღეს, როდესაც მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მსჯავრდებულს თავზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, სამკურნალო დაწესებულებაში კი ოპერაციის შემდეგ არსებული ჩივილების გამოსაკვლევად მიიყვანეს. ფოიეში მკურნალ ექიმს არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო უსაყვედურა. ხმაურზე მათთან ამავე დაწესებულების მაშინდელი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე მივიდა.

პროკურატურამ მუხაძე მანუკიანის ეპიზოდზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დღეს მისცა. უწყების ინფორმაციით, მუხაძე მანუკიანს ციხის საავადმყოფოში სხვადასხვა საგნების გამოყენებით ჯგუფურად გაუსწორდა. პროკურორის თქმით, მათი მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.

მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ - საქმე უკვე განიხილა სტრასბურგის სასამართლომ. ევროინსტანციის შეფასებით, მომჩივანის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დაირღვა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. 2019 წელს საქართველოსა და მანუკიანს შორის მორიგება მოხდა.

ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. უფლებადამცველს საქმის მასალები არ გადასცემია. კომუნიკაცია არ ჰქონია არც მუხაძესთან.

სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე საერთაშორისო ძებნილია. მას არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს პატიმრობა შეფარდებული. არის სერგო თეთრაძის საქმის ფიგურანტი, ფოტოგრაფების საქმეზე დაუსწრებლად სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას ბრალდებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ საქმეში. გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით ის 21 წლის ელდარ ქობალიაზე ზეწოლასა და წამებაში მონაწილეობდა. საერთო ჯამში მუხაძეს თავისუფლება დაუსწრებლად 9 წლის ვადით აქვს აღკვეთილი.

დღის ამბები