29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"აირზენას" ავიაბაზარზე კონკურენტები ეყოლება - სპეცრეისებს პანდემიის პირობებში საქართველოში მხოლოდ ერთი კომპანია აღარ განახორციელებს

დღეს მთვარობის წევრების მხრიდან კომპანია "აირზენამ" კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო. ეკონომიკის მინისტრმა ავიაკომპანიის მხრიდან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე დაგეგმილ რეისებზე მთვარობის სხდომის შემდეგ ისაუბრა. ამ შემთხვევაში, საქმე პარიზის ბილეთების გაყიდვას ეხება. ნათია თურნავა კომპანიას მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ "აირზენას" ოფიციალურ საიტზე ივლისის თვეში პარიზის მიმართულებით ბილეთის შეძენა შესაძლებელია, ეკონომიკის მინისტრის კრიტიკას გაუგებრობას უწოდებს "აირზენას" გენერალური დირექტორი. კომპანიაში განმარტავენ, რომ რეისები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებით სრულდება და ადგილი ამ შემთხვევაში კომუნიკაციას აქვს.

"აირზენას" მიერ ბილეთების შეთანხმების გარეშე გაყიდვის ფაქტს ადასტურებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშიც. კერძოდ, კომპანიას თანხმობა 7 ივლისის საფრანგეთის მიმართულებით ფრენის განხორციელებაზე ამ დრომდე არ აქვს.

რეგულარული ფრენების აღდგენამდე, ქვეყანაში ჩარტერული რეისები ხორციელდება. ამ ეტაპზე ივლისში 4 ქალაქის: ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და თელ-ავივის მიმართულებით 11 რეისია შეთანხმებული.

ფრენებს საერთაშორისო რეგულაციების დაცვით სწორედ "აირზენა" ასრულებს. დამატებით სპეციალური გრაფიკი და ქვეყნების ჩამონათვალი ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნებისთვის შემუშავდება. დავალება პრემიერისგან ეკონომიკის მინისტრმა დღეს მიიღო. გაირკვა, რომ უკვე "აირზენას" გარდა, ემიგრანტების დაბრუნებაში სხვა ავიაკომპანიებიც ჩაერთვებიან.

ვიდრე სისტემური ფრენები აღდგება, ზუსტი გრაფიკი და ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ემიგრანტები დაბრუნებას შეძლებენ 6 ივლისს გახდება ცნობილი.

დღის ამბები