29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ახალი დეტალები - რა არის ასახული მეხსიერების ბარათზე და რა ჩანს "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 21 ივნისის ამოღების ოქმის მიხედვით იაკობ ბრეგვაძის ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა მისი კუთვნილი "აიფონ 6" ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრეგვაძე საქმეში ფოტოგრაფის სახელით ფიგურირებს ოქმში ფოტო-კამერასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. 10- ტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ ჩხრეკიდან მეორე დღეს გამომძიებელმა დავით დინუაშვილმა ხელმძღვანელობას მიმართა და უპატაკა რომ ბრეგაძე დაბადების დღეზე და ავტობანზე გადაღებული მასალის გაუქმებას გეგმავდა.

საქმის მასალების მიხედვით გამომძიებლის მოთხოვნა 3 დღეში დაკმაყოფილდა. საგამოძიებო ექსპერტიზის 24 ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში წერია რომ გამომძიებლების მიერ ამოღებული მეხსიერების ბარათი ექსპერტიზას წარედგინა. სწორედ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატიდანაა ამოღებული ის ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ახალგაზრდები ფეხით თბილისის მიმართულებით. საქმის ოქროს მოწმეს ეკუთვნის გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელი კადრებიც. ამ ვიდეო მასალით ირკვევა, რომ ახალგაზრდები ლისზე წასვლას და წვეულების გაგრძელებას გეგმავდნენ.

ამავე კადრებში ვახო ახვლედიანის სისხლისგან დალაქავებული პერანგი ჩანს, ასევე ლაქები აღენიშნება იმ პირს შარვალზე, რომელიც სავარაუდოდ გიორგი ქათამაძეა. მისი სახელი ჩვენებებში, როგორც აგარაკის ინციდენტში მონაწილე არაერთხელ გაჟღერდა, სწორედ მას გაუსწორდნენ ფიზიკურად ავტომაგისტრალის დაპირისპირების დროსაც. ნაძალადეველები ჩვენებებში ამტკიცებენ რომ დაპირისპირება აგარაკზე სწორედ ქათამაძემ და მისმა მეგობრებმა დაიწყეს.

მერსედესის მგზავრებმა ქათამაძეს თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. 18 ივნისის ღამეს დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის სამი დღე მკურნალობდა

"კურიერის" მიერ მოპოვებული კადრების მიხედვით ირკვევა, რომ 12:37 საათზე ცენტრალურ მაგისტრალზე გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები 5 პირის პირდაპირ ვერცხლისფერი ავტომობილი ჩერდება. ავტომობილიდან მგზავრები გადმოდიან, ერთი იღებს ქვას, ყველანი მისდევენ ახალგაზრდებს. ჩვენებების მიხედვით ფიზიკურად უსწორდებიან კოკო ღიბრაძესა და გიორგი ქათამაძეს. თუმცა, ვიდეოში კარგად ჩანს რომ ნახევარ წუთში კოკო ღიბრაძე შემთხვევის ადგილიდან გარბის.

"კურიერის" მიერ მოპოვებული კადრებით ირკვევა, რომ ცენტრალური მაგისტრალის სავალ ნაწილზე გადადის და ტაქსის დახმარებით თბილისში ბრუნდება. ერთ წუთში კონფლიქტი სრულდება, 3 წუთში მერსედესი შემთხვევის ადგილს ტოვებს, მათ თან მიჰყავთ ის ორი პირი, რომლებიც შაქარაშვილისა და მასთან მყოფ პირების შორიახლოს გადაადგილდებოდნენ.

ავტომობილის წასვლიდან, თითქმის სამ წუთში ვახო ახვლედიანი, გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი უკან ბრუნდებიან. წუთნახევარში, 12:43 საათზე შავი ფერის "ტოიოტა ქამრი" ჩერდება. ახალგაზრდები იმავე წამს გარბიან, როგორც კი მგზავრები ავტომობილის კარის გაღებას იწყებენ. გაკიდებიდან ნახევარ წუთში უკან ბრუნდება ბრალდებული ვასილ მახარაძე და მოძრაობის საწინააღმდეგოდ ავტომობილით მიდის და მდინარე არაგვის ხიდთან ჩერდება. ადგილზე იმყოფება 6 წუთის განმავლობაში, სწორედ ეს დრო რჩება კადრში ისე, რომ უცნობია რა ხდებოდა ამ დროის განმვალობაში კამერებს მიღმა, 6 წუთის შემდეგ ბუნდოვნად ჩანს რომ მგზავრები ბრუნდებიან და ტერიტორიას შავი ფერის "ტოიოტა ქამრი" ტოვებს, ჩვენების მიხედვით ამ ავტომობილში უკვე იმყოფება გურამ ამირხანაშვილიც. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მერსედესის წასვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გიორგი შაქარაშვილი აღარ დაბრუნებულა.

ფოტოგრაფმა, რომელიც მშენებარე შენობაში იმალებოდა მერსედესის გამოჩენისთანავე 112-ში დარეკა. ორივე ინციდენტი ისე ამოიწურა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილას არ გამოცხადებულა. ამავე ჩვენებაში ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე თბილისში "შკოდის" მარკის ავტომობილით პოლიციის თანამშრომლებმა წამოიყვანეს. 112-ში კი საჩივარი გააუქმა. "კურიერის" მიერ მოპოვებული მასალებით კარგად ჩანს, რომ რამდენიმე პირმა "შკოდით" იაკობ ბრეგვაძეს ღამის 01:33 წუთზე მიაკითხა და თბილისში წამოიყვანა. წამოიყვანეს, თუმცა მომხდარის შესახებ არ დაინტერესებულან. მომხდარზე კითხვის ნიშნები აქვთ უფლებადამცველებსაც.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საქმე 10 ტომს, 750 საგამოძიებო მოქმედებასა და ათობით ჩვენებას მოიცავს. ამ დრომდე უცნობია რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის მიზეზი.

დღის ამბები