თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვს.
ადვოკატის განცხადებით, მათ შორის სახალხო დამცველის რეკომენდაცია იქნება, რომლის მიხედვითაც რურუას საკნიდან საგნების გამოტანაში მონაწილე პოლიციელებმა აღნიშნული ქმედება უკანონოდ ჩაიდინეს და გლდანის ნომერ 8 დაწესებულებაში მყოფი ადვოკატი დნმ-ის ნიმუშების მოპოვების პროცესს არ დაასწრეს.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით აღნიშნული ქმედება უკანონოა.
"ამ დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება, რომ 2020 წლის 3 იანვარს, როდესაც გამომძიებლებმა ამოიღეს გიორგი რურუას საკნიდან მისი პირადი ნივთები, ამ პერიოდში ციხეში იმყოფებოდა გიორგი რურუას ადვოკატი, თუმცა მას არ მისცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში და ახლა უკვე უტყუარად დასტურდება, რომ გამომძიებლებს ციხის ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ადვოკატი იმყოფებოდა ციხეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის გარეშე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება.
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიმართა რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, რომ ამ პოლიციელთა ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს დარღვევა და მოხდეს შესაბამისი რეაგირებაც," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.