ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა. აბიტურიენტებს საგამოცდო სივრცეში პირბადის მოხსნა შეეძლებათ, თუმცა საგამოცდო ცენტრში ყველა პირბადით უნდა შევიდეს. თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს ჩართავენ კონდიციონერებს. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. რეგულაციის შემსუბუქება ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს.
გამოცდაზე მისულ აბიტურიენტებს 3 სხვადასხვა სივრცე დახვდებათ. მათ შორის ერთი არის სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული, ერთი კი იქნება იმათთვის, ვისაც გამოცდების დღეს უშუალოდ ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. ერთ სივრცეში 10 პირზე მეტი არ დაიშვება. აბიტურიენტებს ერთმანეთისგან ე.წ. გამჭვირვალე ფარი დააშორებს.
ადგილზე მობილიზებული იქნება 2 სამედიცინო პერსონალი და 2 დამკვირვებელი. ასევე მობილიზებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი.
რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, თავად აბიტურიენტი უნდა მივიდეს პირბადით ადგილზე, თუმცა სპეციალურ სივრცეში შესვლისას, ე.წ. ბუნებრივი ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში, პირბადის გამოყენების საჭიროება აღარ იქნება. თუმცა, თუ კი კონდიცირება ჩაირთვება ამ შემთხვევაში აბიტურიენტს პირბადის გამოყენების ვალდებულება არ გააჩნია.
"მზადების პროცესი მიმდინარეობს აქტიურად და თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ორშაბათიდან უკვე იწყება გამოცდები. შეიძლება ვთქვათ, რომ მზადყოფნა გვაქვს.
ყველა საგამოცდო ცენტრში არის საგამოცდო სივრცეები. ერთი სივრცე არის ჩვეულებრივი საგამოცდო სექტორი, ერთი სივრცე არის სპეცსაჭიროების აბიტურიენტებისთვის და ერთი სივრცე არის იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ უფლება გვაქვს მისი საგამოცდო ცენტრში შეშვების, რადგან ვთქვათ მათ შეიძლება ჰქონდეთ PCR ტესტი გაკეთებული. ამის ალგორითმი უკვე დამუშავებულია და ექიმები დატრენინგებული არიან, თუ ვინ უნდა დაუშვან და ვინ არა," - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.