29 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
აბიტურიენტებმა, რომლებსაც გამოცდების წინა დღეებში COVID-19-ის სიმპტომები ექნებათ, PCR ტესტი უნდა გაიკეთონ

აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების წინა დღეებში მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად უნდა მივიდნენ შესაბამის ცენტრებში და PCR ტესტი გაიკეთონ - აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

"იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ასეთ დროს აბიტურიენტებს მისვლა შეუძლიათ ვრცელია, 40-მდე ობიექტია. პასუხი 24 საათში იქნება და ამის მიხედვით უნდა წარდგნენ გამოცდაზე," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები უსაფრთხოდ ჩატარდეს.

"ორშაბათს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, ეს ამ პანდემიის დაწყების პირობებში გახლავთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც ქვეყანაში უნდა ჩატარდეს და ამიტომ სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარების შესაბამისი პირობები შეექმნათ და ეს პროცესი იყოს სრულიად უსაფრთხო ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით.

დღემდე საქართველო რჩება ეპიდემიის დაბალი გავრცელების ქვეყნად. ამ რეგიონში ჩვენ ვართ გამორჩეული კუნძული, ოაზისი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები