29 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
საქართველოს ექიმების პროფესიონალიზმი და თავდადება პანდემიის დროს პატივისცემას და აღფრთოვანებას იმსახურებს - ლუიზა ვინტონი

დაავადებათა კონტროლის ეოვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაზე წარმატებული რეაგირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველო დაუყოვნებელ ზომებს ატარებს იმისთვის, რომ წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი მომზადებული შეხვდეს პანდემიის შესაძლო მეორე ტალღას ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეს.

ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 4,000 სამედიცინო მუშაკის გადამზადებაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში.

150,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

"საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიის პირველ ტალღას, თუმცა კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოო წარმატებაზე საუბარი ნაადრევია," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

გაეროს განვითარების პროგრამისა (​UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნის ონლაინ სწავლების პლატფორმას ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის.

"საქართველოს ექიმების პროფესიონალიზმი და თავდადება პანდემიის დროს პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს. ახალი სასწავლო სისტემა კი ხელს შეუწყობს მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა ამისა, დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის რეგიონებში, სადაც სამედიცინო პერსონალს ხშირად ხელი არ მიუწვდება აუცილებელ რესურსებზე," - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ახალი ინიციატივა მოიცავს 37 სამედიცინო დაწესებულებასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 60 რეგიონულ წარმომადგენლობას საქართველოს მასშტაბით.

პროფესიულ გადამზადებას ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებში სულ 4,000 მედიკოსი გაივლის. აქედან, 3,000 COVID-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1,000 - მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.

ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ტრენინგს ასევე სამედიცინო პერსონალისთვის შექმნილი სპეციალური ცხელი ხაზის ოპერატორებიც გაივლიან.

 

დღის ამბები