გორში, ბერუაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ღამის 2 საათზე ქალის ყვირილი გაიგეს. დახმარებას პოლიციელ დავით სვიანაძის ცოლი ითხოვდა, რომელმაც ყელის არეში დაჭრილი მეუღლე სახლის აივანზე აღმოაჩინა.
ერედვის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ამავე სახლში მცხოვრებმა მდგმურმა მიაყენა. 31 წლის ჰასან დოგანმა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტერიტორია დატოვა, თუმცა, ადგილზე დარჩა დანაშაულის იარაღი - დანა.
დოგანმა თანამშრომელთან ერთად სვიანაძის კერძო სახლში ერთი სართული დაახლოებით 8 თვის წინ იქირავა. ისინი გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები არიან.
თანამშრომელზე საუბარი არ სურთ "ჯეო სოლუშენ კომპანიში", სადაც განზრახ მკველობაში ბრალდებული მუშაობდა. კომპანიაში წილს უცხო ქვეყნის მოქალაქეც ფლობს. 31 წლის მამაკაცი, სამუშაოდ, სავარაუდოდ მას ჰყავდა ჩამოყვანილი.
31 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა.
დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო განხრაზ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.