29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ცდილობდნენ თუ არა ოპოზიციური პარტიები სკონტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას - დეპუტატები ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობენ

მორიგი ბრალდება ოპონენტებს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში წაუყენა.

"ნაციონალურ მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, კონკრეტული პარტიები ცდილობდნენ, რამდენიმე დეპუტატი დაერწმუნებინათ, რომ მხარი არ დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

ეს კი, კობახიძის თქმით, პირველი კენჭისყრის დღეს ემზარ კვიციანის, მეორედ კი - ადა მარშანიას შემთხვევაში მოახერხეს, როდესაც მარშანია სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

ადა მარშანია ადასტურებს, რომ ის არა რაჭაში, არამედ ქობულეთში იმყოფებოდა, რის გამოც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას ვერ დაესწრო. კობახიძის განცხადებას უცნაურს უწოდებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი და მას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

ადა მარშანიას და ემზარ კვიციანის გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ინტერესების გატარებაში ირაკლი კობახიძემ დღეს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილიც დაადანაშაულა. ბრალდების ადრესატები ამბობენ, რომ ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ და გავლენებით მმართველი პარტია იმართება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში".

"პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი" - ასე შეაფასეს მმართველ პარტიაში ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობაზე უარის თქმა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, მათი ეჭვები, რომ შესაძლოა, ამ უარის უკან გარკვეული გარიგებაც იდგეს, ამყარებს ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგეების არგუმენტები უსუსური იყო.

საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით დაამტკიცა, "ქართულ ოცნებასთან" ერთად მხარი "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" და "პატრიოტთა ალიანსმა" დაიჭირა, წითელი ღილაკი გამოიყენეს დავით ჭიჭინაძემ და ემზარ კვიციანმაც, ხოლო ადა მარშანიამ და ნატო ჩხეიძემ, პირველი ორი კენჭისყრისგან განსხვავებით, მესამე მოსმენის დროს ცვლილებებს ხმა მისცეს.

დღის ამბები