29 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
"ვიზეარი" ფრენებს დროებით აჩერებს - კომპანიის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს

"ვიზეარი" ფრენებს აჩერებს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სავარაუდოდ ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე აღარ განახლდება. ამასთან, ქუთაისის ბაზიდან უკვე გაყვანილია თვითმფრინავები, თუ პანდემიის გამო არსებული გლობალური ვითარება და რეგულაციები შეიცვლება, "ვიზეარი" ლაინერებს ქუთაისში დააბრუნებს.

"ვიზეარის" თანამშრომლებმა ადმინისტრაციასთან საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარი არ ისურვეს. ავიაკომპანიის თანამშრომლებმა არც ის თქვეს, კერძოდ, რა შეთავაზებები მიიღეს და როგორია მათი გეგმა.

დასმულ კითხვებს უნგრეთიდან უპასუხეს. გაირკვა, რომ "ვიზეარი" ქართულ ბაზარს არ ტოვებს, ფრენებს კი, პანდემიის გამო დროებით აჩერებს. შეწყდება სხვადასხვა ოპერაცია, არ იხურება - დროებით შეჩერდება ქუთაისის ბაზაც. თანამშრომლებს კი, სხვადასხვა ადგილზე გადაანაწილებენ.

კომპანიის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს და მმართველ გუნდს 1 ივლისს რეგულარული ფრენების აღდგენის გადადებაში ადანაშაულებს. საპირისპიროს ამტკიცებს საპარლამენტო უმრავლესობა.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციის გზავნილში მხოლოდ სპეკულაციები დაინახა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ "ვიზეარი" ქართულ ბაზარს არ ტოვებს, ფრენების აღდგენამდე ქუთაისის ბაზის დროებით შეჩერებას კი, კომპანიის დანახარჯების შემცირების ინტერესით ხსნის.

ქუთაისის ბაზების დროებით შეჩერება წმინდა ტექნიკური საკითხია აეროპორტების გაერთიანებისთვისაც, აქ პრობლემას ვერც ავიაკომპანიის თანამშრომლების სხვაგან გადანაწილებაში ხედავენ. 

კომპანია "ვიზეარი" ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. 2016 წელს კი გაფართოვდა და ფრენებს 30 მიმართულებით ახორციელებს. ის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოდან, ამ დროისთვის, 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.

ამჟამად, ვიზეარს ხომალდები ქუთაისის ბაზაში არ ჰყავს. თვითმფრინავები კომპანიის სხვა ქსელშია განთავსებული და ქუთაისში ოპერაციების განახლების შემდეგ დააბრუნებს.

დღის ამბები