29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
დასაქმებულს შეიძლება ფანჯრიდან გადახტომაც უნდა და სახელმწიფომ ამის უფლება უნდა მისცეს?!- ირაკლი პეტრიაშვილი

შრომის კოდექსის ცვლილებების თავდაპირველი ვერსიის შემდეგ მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რასაც შრომის კანონმდებლობაზე მომუშავე ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ.

დაგეგმილი ცვლილებებით შეშფოთებულია პროფკავშირები. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ამოღებულია მნიშვნელოვანი პუნქტები - მათ შორის 24 საათიანი სამუშაო ცვლების შეზღუდვა, დამსაქმებლის ვალდებულება, რომ კანდიდატს გარკვეულ სიტუაციებში დაუსაბუთოს დასაქმებაზე უარი, მინიმალური ხელფასის რეგულირების საკითხი კი, კვლავ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა რჩება.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ კანონპროქტის თავდაპირველი, სამუშაო ვერსია გაცილებით უკეთ იცავდა მშრომელთა უფლებებს.

"ყველაზე მეტად ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ლობირება, რასაც ლობირებენ დამსაქმებელთა ორგანიზაციები და მათ აწუხებთ ზეგანაკვეთური შრომის 1.25%-ით მომატება, აწუხებთ საკითხები შრომის ინსპექციასთან და სამუშაო დროსთან დაკავშირებით. თუმცა, იქ სხვა პრობლემებიც არის, მაგალითად, გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, დამსაქმებლების შუასაუკუნეობრივ ვნებას ზღვარი არ აქვს. ნახევარი ანბანია ჩამოთვლილი, თუ რა მიზეზით შეუძლია გაათავისუფლოს დამსაქმებელმა დასაქმებული და ბოლო პუნქტში უწერიათ, რომ "ობიექტური გარემოებების გამო". რა არის ეს "ობიექტური გარემოება" და რატომ არ ეყო ის უამრავი პუნქტი, რაც ანბანის მიხედვით იყო ჩამოთვლილი?!

შედეგად, ზიზღი იზრდება დამსაქმებლის მიმართ და ეს, ფაქტობრივად, იმდენად აშორებს დამსაქმებელს და დასაქმებულს, რომ ბუნებრივია, არასტაბილურობის განცდას, ფაქტობრივად, დაპირისპირებას იწვევს და ეს ოქროს შუალედი არ არის ნანახი.

ამ შუასაუკუნეობრივი ნორმების მიხედვით დამსაქმებლები გვიმტკიცებენ, რომ თურმე უნდა დავითვალოთ რამდენად უძვირებს ბიზნესს დასაქმებულების დაქირავებას და მათ გამოითვალეს, არ ვიცი სად და 200 მილიონ ლარამდეა ეს ყველაფერი. მათ ჰგონიათ, რომ ეს მათი ფულია. ჯერ ერთი, ეს ასე არ არის. აშანტაჟებენ მთავრობას, პოლიტიკოსებს, საზოგადოებას და უნდათ სოლიდარობა გამოიწვიონ ბიზნესის მიმართ, რომ ეს საწყალი ბიზნესი, თურმე როგორ იჩაგრება. როცა ისეთი მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა ადიდასი, ნაიკი, პუმა, ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს პროფკავშირებს, მთავრობას, რომ თუ მინიმალური ხელფასის რეალური ზღვარი არ იქნება ამ ქვეყანაში, მათ ამ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადების სურვილი არ აქვთ. თუ ჩვენ ისეთი ბიზნესორგანიზაციები გვაქვს, რომ მონოპოლისტური იყოს გარემო და სხვა, ნორმალური, უცხო, ცივილიზებული აქ არავინ შემოვიდეს, მაშინ, კი ბატონო, გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას.

თუ ეს კანონმა, სახელმწიფომ, მთავრობამ არ დაარეგულირა, ჩვენ საკმაო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. ზეგანაკვეთური შრომა, რასაც ისინი თავის ჯიბეში ითვლიან, 1919 წლიდანაა დადგენილი, რომ ნორმალური სამუშაო დრო არის 8 საათი, ანუ თუ 8 საათს მამუშავებს დამსაქმებელი, ყოველი შემდგომი საათი ეს არის ზეგანაკვეთური შრომა და ის უნდა აანაზღაურო ზედმეტი ტარიფით.

ზოგან 1.25% კი არა, ორმაგია ზეგანაკვეთური საათის ანაზღაურება, ზოგან 2.5-ია, ზოგან 3-მდე ადის. ტყუილია ის, რომ 200 მილიონი ლარის ზარალი ექნებათ. იმ ფულს დარდობენ, რომელიც მათი არ არის, ეს ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ თუ ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი მოტივაცია საიმისოდ და ჩვენს ჯანმრთელობას ვიზიანებთ, რადგან ყოველი 1 საათი, 8 საათს გადაცილებული, ცუდადა აისახება დასაქმებულზე.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმისი ამბიცია, როგორი უნდა იყოს თამაშის წესები ამ ქვეყანაში, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა, სტანდარტი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ეს ამბიცია სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, თორემ დასაქმებულს, შეიძლება, ფანჯრიდან გადახტომაც უნდა და რა, სახელმწიფომ უნდა მისცეს ამის უფლება? მათ იმის ეშინიათ, რომ როცა დასაქმებულებს ნორმირებულ სამუშაო განაკვეთზე დაიყვანენ და მათ ეს ხელფასი არ ეყოფათ, ეს დასაქმებულები პროტესტს გამოთქვამენ, გაიფიცებიან და ა.შ. დიახ, პროფკავშირები ლობირებს იმას, რმ ისინი ნორმალურად მუშაობდნენ, ლიმონივით გამოწურულნი არ იყვნენ, ნორმალური მოქალაქეები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულები იყვნენ და არა მუდმივად, რობოტებივით იყვნენ დამსაქმებელის კაპიკებზე ორიენტირებული და სწირავდნენ თავიანთ ჯანმრთელობას და ოჯახის ინტერესებს,"-აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი. 

დღის ამბები