29 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
თავდაცვის ძალების მეთაურს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს დღეს, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა - საქართველოს პრეზიდენტი

თავდაცვის ძალების მეთაურს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს დღეს, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ქართველ სამხედროებს მიმართა.

გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს გადააბარა.

"დღეს ქართული ჯარისთვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების დღე. ეს ნიშნავს, რომ იწყება თავდაცვის ძალებისათვის ახალი ეტაპი; ეტაპი განვითარებისა, გაძლიერებისა და რაც ალბათ, ყველაზე მთავარია და ყველაზე მეტად გვჭირდება, ინსტიტუციური მდგრადობისა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება. მეთაურს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს დღეს, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება.

ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია მაგალითი მივცეთ სხვებს. საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში. ამ დღევანდელ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა სახელმწიფოს. დღეიდან კი, უაღრესად საპასუხმგებლო მისიას გენერალი გიორგი მათიაშვილი გადაიბარებს.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ მას ამ თანამდებობაზე და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება. მინდა, ასევე, ქართულ ჯარს მივმართო და მადლობა მოვახსენო პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და თავდადებისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე. ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი. ქართული ჯარი არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისათვის სანდო და საიმედო ძალა. ქართული ჯარი არის ჩვენი სახე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღიურად გვასახელებენ. ამდენად, მინდა ყველას, საზოგადოების სახელით, მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო თქვენს მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მინდა, ბატონო გენერალო, თქვენ გისურვოთ დიდი წარმატება ქვეყნის სამსახურში. ახალ თანამდებობაზე ახალი პასუხისმგებლობით აღჭურვა იქნება საჭირო, რათა თქვენ ჩვენს ჯარს წინ უძღოდეთ და მისი მომავლისთვის წარმატების იმედი და წარმატების ნიშანი იყოთ; ქვეყნის მთლიანობისკენ მიმავალი ჩვენი ჯარი დღეს თქვენი იმედითაა!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

დღის ამბები