პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში განიხილა. გენერალური აუდიტორის განმარტებით, 2019 წელს სამსახურმა 16 ფინანსური და 37 შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 68 მილიონი ლარი შეადგინა.
ანგარიში საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან, არაეკონომიკურ და არამიზნობრივ გამოყენებას ეხება და 3 მიმართულებად იყოფა. აუდიტის სამსახურმა გასულ წელს პროკურატურაში 34 საქმე გადააგზავნა. შესაძლო დანაშაულის 70% მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის მოხსენებაში მნიშვნელოვანი აქცენტები იყო მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.
"აუდიტის სამსახურის მოხსენებაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ქონების იჯარასთან დაკავშირებით და კიდევ, მე მქონდა კითხვა მიწებთან და პრივატიზაციასთან დაკავშირებით,"-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან მკაფიოდ გამოჩნდა ბიუჯეტის ხარჯვის არაეფექტურობა.
"ყველაზე მკაფიოდ, რაც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან ჩანს, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის არაეფექტურობა. როდესაც აუდიტმა გააფართოვა ეფექტიანობის ანგარიშები, აღმოჩნდა, რომ უდიდეს ნაწილში ხალხისგან აკრეფილი ფულით სხვადასხვა პროგრამის ეფექტი ჩვენს ცხოვრებაზე, მოქალაქეების ცხოვრებაზე არ აქვს,"-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, აუდიტებიდან გამომდინარე სამართალდამცავ ორგანოებში 34 ანგარიში გადაიგზავნა.
"გასულ წელს გვქონდა 70 აუდიტი, ეს იყო ერთობლიობა ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ასევე, აიტი აუდიტების. ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების ჭრილში დარღვევების ჯამურმა თანხამ შეადგინა 68 მილიონი ლარი. აქ მინდა გამოვყო სამი მიმართულება - აქტივების მართვა, ბიუჯეტური სახსრების მართვა და შესყიდვების ნაწილი. სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილ იქნა 34 ანგარიში, ჩვენი აუდიტებიდან გამომდინარე,"-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.