29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანთან 25-მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხების შესაძლო შეზღუდვაზე ოპოზიციურ სპექტრს ერთგვარ მემორანდუმს სთავაზობს

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბანთან 25-მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხება იკრძალება. კანონპროექტი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

კობახიძემ, ასევე, განაცხადა, რომ რომ შესაძლოა, საარჩევნო კენჭისყრის დროს მართლაც გაჭირდეს 25-მეტრიანი დისტანციის დაცვა. აქედან გამომდინარე, ის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ერთგვარი მემორანდუმი გაფორმდეს.

"თუ ვიცავთ ჩვენ ამ რადიუსს, უნდა დაიცვას ყველამ, თუმცა სამწუხაროდ, პოლიტიკური კულტურა ამის საშუალებას, ამ ეტაპზე, არ იძლევა. ჩვენ გთავაზობთ, რომ არა კოდექსის ძალით, არამედ მემორანდუმის ძალით შევთანხმდეთ ამაზე, ოღონდ ყველა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მემორანდუმის შესაბამისი პუნქტის შესრულებაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

ამასთან, კობახიძემ ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიისთვის მილიონებს არ ხარჯავენ.

"ბატონი რომანის კომენტარს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, თითო მაჟორიტარმა მილიონი დახარჯა 2016 წელს, გარწმუნებთ, მილიონი რომ დაეხარჯათ და ან, თუნდაც, ახლა რომ დახარჯონ - თითო მაჟორიტარმა თითო მილიონი რომ დახარჯოს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია საერთოდ გაქრება პოლიტიკური სივრციდან. ასეთი რესურსები ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ იხარჯება.

რაც შეეხება მოსყიდვას, ძალადობას და ასე შემდეგ - ყველაფერი ეს არის დარეგულირებული საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით და გაწერილია შესაბამისი სანქციებიც.

შავი ფული პოლიტიკაში რჩება ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ძალიან დიდი შავი რესურსები იხარჯება ქართულ პოლიტიკაში და ამის კონტროლი არ არის მარტივი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

სამსაათიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, იქამდე კი დოკუმენტის გარშემო მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა.

დღის ამბები