29 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
საქართველო იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას განიხილავს. მისივე თქმით, გადაწყევტილება საბოლოოდ ჯერ მიღებული არ არის, დიდი ალბათობით საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს.

"ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები - თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთაზე, ეს იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამას მოყვება შესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი რეგულაციები და იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული ბრიუსელში. ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროკავშირზე, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადმოდიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაცია, თითქოს არის გამონაკლისები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს, საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები