29 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი კახეთში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და ორი მეწარმე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალა და დაამზადეს ყალბი სასაქონლო ზედნადები. შედეგად კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს.

"პირებს დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას უწევდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი. გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც, სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თაღლითობის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტი და), რაც სასჯელის სახით 6 - დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები