"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.4%-ს შეადგენს.
"წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 13.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია," - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე ინფორმაციით, შემცირების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა. საქონლის ექსპორტი 2020 წლის მაისში დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 35%-ით.
"შემცირების ტენდენცია გამოვლინდა პრაქტიკულად ყველა სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადახდა საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.
საქონლის ექსპორტი 2020 წლის მაისში შემცირებულია დაახლოებით 30%-ით და 235 მილიონი დოლარი შეადგინა. 35%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი.
შემცირდა საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით, რაზეც გარკვეული გავლენა მოახდინა ტურისტების რაოდენობის შემცირებამაც," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ("საქსტატი") აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.