29 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში და მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო სამინისტრო გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო პატივს სცემს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და ასევე პატივს სცემს საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებს.

"ვეხმიანებით რა საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ ევროკავშირის განცხადებას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს და საგარეო საქმეთა სამინსიტროს ღრმა პატივისცემას ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა მიმართ. 

მიგვაჩნია, რომ სწორედ მათ კეთილსინდისიერ საქმიანობას და პროფესიონალიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და გვეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღმშენებლობასა და საქართველოს კეთილმეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში. 

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა.

ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან.  
მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა.

გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და ყოველწლიურად მყარდება ჩვენი ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიც არის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. 

შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს. 

ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს.

მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება  სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. 

უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით. 

ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში,"- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები