29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
180 გვერდიანი საჩივარი - შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა სამართლებრივი დავა დაიწყო

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა სამართლებრივი დავა დაიწყო. 180 გვერდიანი საჩივრით სკოლის დირექცია ავტორიზაციის საბჭოს 1 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა.

როგორც სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ამბობს, ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა არასრულფასოვანი, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება კი უკანონოა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 70-მდე პედაგოგი სამსახურის გარეშე დარჩა. მასწავლებლები, რომლებსაც სკოლასთან რამდენიმე წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, სკოლის დამსახურებასა და მოსწავლეთა აღზრდაში საკუთარ წვლილზე ყვებიან. ამბობენ, რომ სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩენა მათთვის დამატებით სირთულეა.

სკოლაში დაახლოებით 300-მდე მოსწავლე სწავლობს. ლიცეუმი უმეტესად ეთნიკური უმცირესობით არის დაკომპლექტებული. მშობლებმა სკოლიდან საბუთების გატანა და შვილებისთვის სხვა სკოლის მოძიება უკვე დაიწყეს.

სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს მხარი საბჭოს 11-ვე წევრმა დაუჭირა. საბჭოში განმარტავენ, რომ სკოლა ძირითად პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებდა.

თუ სააპელაციო საბჭო სარჩელს წარმოებაში მიიღებს, ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხს საბჭო ახლიდან განიხილავს. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის დირექცია სამართლებრივი დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.

დღის ამბები