29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე ისევ ბურუსით არის მოცული - ოქროს მოწმის 4 ჩვენება კი ურთიერთგამომრიცხავია

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალადობისთვის, ხულიგნობისთვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის დაკავებული 17 პირიდან ბრალს არცერთი ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ბურუსით მოცულ საქმეში კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბრალდებულებისა და საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის განსხვავებული 4 ჩვენება აჩენს.

ამირხანაშვილს რომ გამოძიებისთვის 4 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება აქვს დაწერილი, ამის თაობაზე "ტოიოტა ქამრის" არასრულწლოვანი მგზავრის ადვოკატი საუბრობს. მის დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ გური ამირხანაშვილის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავებიან. უფლებადამცველი ოქროს მოწმის ჩვენების გაუქმებას უახლოეს მომავალში მოითხოვს.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას უფლებადამცველიც. იმ პირების, რომლებიც ოფიციალური დოკუმენტის - ბრალის დადგენილების მიხედვით 18 ივნისის ღამეს შაქარაშვილის მეგობრები ავტომაგისტრალზე სცემეს. ასევე გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ვახტანგ ჩიქოვანია პირი, რომელმაც თბილისიდან ნარაკვევამდე სპორტსმენები შურის საძიებლად ჩაიყვანა, ნიკა ჟვანია კი, ბრალდების მიხედვით ის პირია, რომელიც რკინის ხელკეტით იყო შეიარაღებული. ამ გარემოებების მიუხედავად ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

საქმის არცერთ ფიგურანტს, მათი ჩვენებების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მომენტი არ უნახავს. გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვთან მდებარე ხიდთან ქრება. იქ, სადაც შორიახლოს გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს ბუჩქებში ემალებიან.

გარდაცვლილის ოჯახის მიერ დაქირავებულ დამოუკიდებელ ექსპერტს უკვე გარდაცვალების ვერსიები ცხედრის დათვალიერების შედეგად გააჩნია, თუმცა წინასწარ საკვანძო საკითხებზე არ საუბრობს.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ექსპერტიზების დასრულების მოლოდინშია, მათ ახლა უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხი. სწორედ ექსპერტიზის ლაბორატორიულმა დოკუმენტმა ოჯახის სხვადასხვა ვერსიებიდან სიმართლე უნდა გამოარკვიოს. 19 წლის ფეხბურთელის ბიძა მოსამართლის უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხს ეთანხმება და ჯერჯერობით გამოძიებასთან კითხვები არ აქვს.

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა დაახლოებით ათ დღეში დაიდება, დოკუმენტი პასუხს გასცემს კითხვას - სიცოცხლეშივე აქვს დაზიანებები მიყენებული გიორგი შაქარაშვილს თუ გარდაცვალების შემდეგ. დასკვნა გამოძიების ვერსიას და მიმართულებას ან შეცვლის ან დამნაშავეთა პირთა წრეს გაზრდის და მუხლებსაც დაამძიმებს.

დღის ამბები