29 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
პეტიცია გერმანიის საგარეო უწყების სახელზე - პრორუსული განცხადებების გამო საქართველოდან ჰუბერტ ქნირშის გაწვევას ითხოვენ

ერთდღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა გერმანიის ელჩს დიპლომატია კვლავ დაუწუნა და ისევ მმართველი პარტიის დამფუძნებელთან ფინანსურ გარიგებაში დაადანაშაულა. უცვლელია გერმანიის მთვარობის მიმართ შალვა ნათელაშვილის მოწოდებაც - პარტიის თავმჯდომარე ელჩის გაწვევას ისევ ითხოვს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს გერმანელი დიპლომატის გაწვევის მოთხოვნაში არ უერთდება გიგა ბოკერია, თუმცა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილის მსგავსად, ელჩს დღეს გამოუცდელობაზე ისევ მიუთითა და წარსულიც შეახსენა.

გიგა ბოკერიასა და შალვა ნათელაშვილის გარდა, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზციის შეფასებების საპასუხოდ გავრცელებულ წერილში, გერმანელი დიპლომატის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორად "ტაბულას" რედაქტორიც მოიხსენია. დღეს, თამარ ჩერგოლეიშვილს გერმანიის ელჩის მოადგილემ წერილიც მისწერა და მისივე შეფასებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, რედაქციისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 

"ტაბულას" რედაქტორი ამბობს, რომ ბოდიშს მხოლოდ შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მოიხდის. თამარ ჩერგოლეიშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ელჩის შეფასებაზე პოზიცია არ შეუცვლია. ამბობს, რომ ქნირშის მიმართ ინტერესი სწორედ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ გაუჩნდა. "ტაბულას" რედაქტორის თქმით, გერმანელი დიპლომატი არათანმიმდევრულ განცხადებებში ჰყავს შემჩნეული.

ოპოზიციის შეფასებები, რომლის ადრესატიც გერმანიის ელჩია, მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულმა ოცნებამ", ოპონენტების გამონათქვამების გამო გერმანიის ელჩს დღეს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა.

გერმანიის ელჩის გაწვევის მოთხოვნით, ონლაინ პლატფორმაზე პეტიცია მომზადდა. ხელმომწერები გერმანიის საგარეო უწყებას მიმართავენ, შეუფერებელი და მიუღებელი პრორუსული განცხადებების გამო ჰუბერტ ქნირში საქართველოდან გაიწვიოს. დღის ბოლოს მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გერმანელი დიპლომატი თავადაც გამოეხმაურა. ელჩი კომენტარებით გაკვირვებულია, თუმცა მიაჩნია, რომ ესეც პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

გერმანელი დიპლომატის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. წერილში ნათქვმია, რომ ევროკავშირი გმობს გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ.

ასევე ევროკავშირი ყველა აქტორს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, მოუწოდებს თავი შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ყველა იმ ადამიანის ღირსება, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული.

 

 

დღის ამბები