29 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
კოვიდ ინფექციის გამო არჩევნებზე შეზღუდვები მხოლოდ მინიმალურ დონეზე იყოს დაყვანილი​ - პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე უკვე მეორედ პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება. ამ შემთხვევაში საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვაც საარჩევნო უბნებზე სავალდებულო უნდა გახდეს. ეს პრობლემა დღის წესრიგში კორონავირუსის გამო არსებული პანდემიის ფონზე დადგა.

დეპუტატებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობენ დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დასაზუსტებელია როგორი იქნება პროცედურა საბოლოოდ ხმის მიცემამდე. ამას გარდა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებიან, იმ შესაძლო უბნებს უკავშირდება, სადაც არ არის გამორიცხული, რომ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ცესკომ შეზღუდვები აამოქმედოს.

საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და შეხვედრის მონაწილეები იმ უსაფრთხოების ნორმებზე მსჯელობენ, რომლის დაცვაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს​კორონავირუსიდან გამომდინარე მოუწევს.

შეხვედრაში დეპუტატებთან, დიპლომატებთან, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

"ჩვენ გვაქვს ასეთი ჩანაწერი შემოთავაზებულ ვერსიაში, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან იღებს ინფორმაციას სტაციონარში და ასევე კარანტინში მყოფი პირების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება," - აცხადებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა ამავდროულად საჭიროა შეზღუდვები მხოლოდ მინიმალურ დონეზე იყოს.

"პარლამენტისგან მივიღეთ ეს შემოთავაზება. დღეს სწორედ ამ მუხლის განხილვას ვაპირებთ, სადაც გაწერილი იქნება თუ როგორ მიიღებს ამომრჩეველი მონაწილეობას არჩევნების დღეს, უბანზე მისვლის პროცედურები, საუბარია პირბადის აუცილებლობაზე, სადეზინფექციო საშუალებების აუცილებლობაზე და სხვა დამატებით რეგულაციებზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებით კარანტინის ზონებში არსებული ამომრჩევლისთვის და უკვე დაინფიცირებული ამომრჩევლებისთვის," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

 ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები