29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" აკრიტიკებს.

სამოქალაქო სექტორის ნაწილის შეფასებით, ბოიკოტი ოპოზიციის არასახელმწიფოებრივი მიდგომა იყო, რადგან მათ, პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა ქვეყნის ინტერესი ვერ დააყენეს. მეორე ნაწილისთვის კი მთავარი მაინც გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტს უფრო წარმომადგენლობითს გახდის, თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლები ხარვეზებზეც მიუთითებენ.

ექსპერტების ნაწილი კი, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მხრიდან კენჭისყრის ბოიკოტს პოლიტიკური ძალების მხრიდან ვიწრო პარტიულ ინტერესს უკავშირებს.

"ჩემი აზრი ასეთია, რომ ეს იყო არასახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც ადრეც ბევრჯერ გვინახავს. როდესაც შენი ვიწრო პარტიული, ასე ვთქვათ კონიუნქტურული მოსაზრებებით ხელმძღვანელობ და არ შეგიძლია შენი პარტიული დღის წესრიგზე უფრო მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენო იმის მიუხედავად, ვინ არის ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ მორალურად ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა და შესაბამისად, არც გაქვს უფლება ამის პრეტენზია გქონდეს," - აცხადებს თბილისის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი ლევან ბოძაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ელოდებიან, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იქნება. არასამთავრობო სექტორის განცხადებებით, ცვლილება არ არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში უფრო თანასწორი საარჩევნო გარემო შეიქმნას და უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა უნდა გაგრძელდეს.

"ეს გაცილებით უფრო წარმომადგენლობითს გახდის ჩვენს სისტემას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სამართლიანი საკანონმდებლო ჩარჩო გვქონდეს. მნიშვნელოვანია გენდერული კვოტების საკითხი, ამომრჩევლის ნების კონტროლის საკითხი და სხვა თემები, რომელთა განხილვასაც დღე-დღეზე დაიწყებს საქართველოს პარლამენტი და ვნახოთ, როგორ მიიყვანს ბოლოში," - აცხადებს საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით, ქვეყნის საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მიახლოებულია და ცხადია არ არის იდეალური, თუმცა მისასალმებელი წინ გადადგმული ნაბიჯია.

"როგორც იქნა გვაქვს უფრო მეტად პროპორციული და პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა. ეს ცხადია არ არის იდეალური, მაგრამ მისასალმებელი წინ გადადგმული ნაბიჯია. ცხადია საარჩევნო სისტემა არ არის ერთადერთი საკითხი, რაც საარჩევნო გარემოს თანასწორობას უზრუნველყოფს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მხრივ მისასალმებელია," - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები