29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
გაკვირვებული ვარ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ - ჰუბერტ ქნირში

კორონავირუსთან ბრძოლა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა - ეს თემები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

დიპლომატმა და მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილება ქვეყნისთვის ისტორიულია.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეუძლებელი იქნებოდა მეგობარი სახელმწიფოების ელჩების ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებების გარეშე. მინისტრის თქმითვე, სწორედ გერმანიის ელჩის პრინციპული, პატიოსანი და სამართლიანი მონაწილეობა იყო უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.  

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქრინშის შეფასებით, დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მინისტრთან კი საქართვლოს მიერ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წარმატებაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება.

ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურარიზმს საქართველოს პარლამენტში.

როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები