გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა 16 საათის მანძილზე ხორციელდებოდა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აიძულებდნენ ეთქვა, როგორ დაინახა შაქარაშვილი, რომელიც გარბოდა. მას ეს არ დაუნახავს და ვერ დაწერდა, სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა ძალადობა. არ აქვს მნიშვნელობა რა ჩვენებას აწერინებ მოწმეს, ფაქტია, რომ მასზე არ უნდა იძალადო. არ ვიცი რას ცვლიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ეს კონკრეტული ჩვენება.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მცხეთაშიც მიაყენეს, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კითხავდნენ როდის, სად და სადამდე გაიქცა. 16 საათი გაატარა, მან განყოფილებაში. ეს არის ძალიან დიდი დრო იმისათვის, რომ არასრულწლოვანი და თუნდაც სრულწლოვანი ამყოფო განყოფილებაში და მასზე ახორციელებდე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას,"- განაცხადა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა.