29 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა "ევროპული საქართველო" და" "ნაცმოძრაობა," თამაშგარე მდგომარეობაში - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციამ არ შეასრულა საზოგადოების და და პარტნიორების წინაშე დადებული პირობა.

თალაკვაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ქვეყანას "წარსულში ექაჩება".

თალაკვაძე ამბობს, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე გამოჩნდა, თუ ვინ  უჭერს მხარს დემოკრატიულ ღირებულებებს ქვეყანაში.

"ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" უკვე ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებას, რომ მათ სურთ ეს ცვლილებები ჩავარდეს. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე, ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე.

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი კენჭისყრა ეს უკვე იყო წყალგამყოფი, ეს იყო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", გამოჩნდა რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს პასუხისმგებლიანი, სახელისუფლებლო ძალა - "ქართული ოცნება" და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მე ვფიქრობ, რომ უკვე ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელია, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს და ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხიმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო დაპირება მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი - ვის რა ღირებულები აქვს და რეალურად ვინ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ეს ორი პოლიტიკური პარტია პირველად არ ხდება, როდესაც ბლოკავს და ცდილობს ჩაშალოს საარჩევნო სისტემის დემოკრატიული ცვლილება. გარდა იმისა, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთხელ არ დაუჭერიათ მხარი და არც ინიციატივა ჰქონიათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

ამის გარდა, მათ ოპოზიციაშიც მოახერხეს და მერამდენედ ხელი შეუშალეს, გაემიჯნენ და დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში დემოკრატიული ცვლილებებისგან. ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოების არჩევანს კი ჩვენ ოქტომბერში დავინახავთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები