მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ ზარალს ითვლის. ფრენების აკრძალვამ და საზღვრების ჩაკეტვამ, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დააზარალა. რამდენიმე თვიანი გაჩერებული ტურიზმის შედეგები ყველაზე მკაფიოდ პატარა სახელმწიფოებზე ისახება. გამონაკლისი არც საქართველოა. მხოლოდ ბოლო თვის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავალი, თითქმის 97 პროცენტით შემცირდა.
საქართველოში ტურიზმიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. შიდა ტურიზმის გააქტიურებისა და კაფე-ბარებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, დედაქალაქის ყველაზე აქტიური ზონები კვლავ ცარიელია.
ექიმები COVID19-თან ბრძოლას განაგრძობენ, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კი, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმაზე მუშაობენ. კვების ბიზნესში მომუშავეებს საერთაშორისო ტურიზმის აღდგენისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურების იმედი აქვთ.
შემოწმების გავლისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან სტუმრების გამასპინძლების ნებართვის მიღების მიუხედავად, მომხმარებლების რაოდენობა მცირეა სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სახლების შემთხვევაშიც. დამთვალიერებელი არ ჰყავს კახეთის რეგიონს, რომელიც კორონავირუსის მიუხედავად, დღემდე მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს.
მსოფლიო პანდემიის პირობებში, სასტუმროებში გაჩერებისგან თავს იკავებენ ქართველი დამსვენებლებიც. ზაფხულის პირველი თვის მილევის მიუხედავად, სტუმრები არ ჰყავს ზღვისპირა ქალაქებს. ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროები და ქუჩები დამსვენებლისგან დაცარიელდა, სასტუმროებს კი მომხმარებელი აღარ ყავს. მომხმარებლებს მოსაზიდად ბიზნესის ეს სექტორი სპეციალური ფასდაკლების პროგრამით მუშაობს.
ქართულ მხარეს მწვანე ზონის ქვეყნებთან საზღვრების გახსნის კუთხით მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.