29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი საქართველოში - ინფიცირებულთა შორის 13-15% მედპერსონალია

კორონავირუსით გარდაცვლილი 82 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვირუსის საწყის ეტაპზეც კრიტიკული იყო. ხანშიშესული პაციენტი 14 ივნისს რუსთავის სამედიცინო დაწესებულებიდან მცხეთის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

82 წლის კაცს სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

82 წლის კაცს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რაც სავარაუდოდ მისი ინფიცირების წყარო გახდა. ვირუსით გარდაცვლილის მეუღლეც, 84 წლის ქალი, მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას. ისიც, ასაკიდან და არსებული თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა ექიმების ინფორმაციით, ასაკოვანი ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფიცირებულთა დაბალი რაოდენობის მიუხედავად, მზარდია მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებლები.

დღეს ვირუსი ბოჭორიშვილის კლინიკის კიდევ ერთ სანიტარს დაუდასტურდა. ახლა სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ ინფექციით 4 მედპერსონალი მკურნალობს. 52 წლის ქალი კასპის მუნიციპალიტეტიდან არის. სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდა, ამ ეტაპზე 12 კონტაქტია მოძიებული, აქედან 5 - სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრია. მათი მონაცემები უკვე გადამოწმდა.

არსებული მონაცემებით, მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი კოვიდ მიმღებ განყოფილებებში 13- 15 %-მდეა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია. საშუალოდ ერთ ინფიცირებულზე 5-7 კონტაქტის გამოკვლევა ხდება და თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე 5 ათასამდე კონტაქტია გამოკვლეული.

დღის ამბები