29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რა მოხდა 18 ივნისის ღამეს - გიორგი შაქარაშვილის საქმეში 17-ივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 17-ივე ბრალდებულის შემთხვევაში იდენტურია. მოსამართლის სიტყვას წინ თითქმის 8 საათიანი პროცესი უძღოდა. მსაჯულმა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სრულად გაითვალისწინა.

750-მდე საგამოძიებო მოქმედება და 60 მოწმე, ასევე მტკიცებულებები, რომელთა გასაჯაროებისგან პროკურატურა ჯერჯერობით თავს იკავებს. სწორედ ეს გახდა გამომძიებლების თქმით, უმკაცრესი ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი, რომელსაც უფლებადამცველები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ადვოკატების თქმით, მათ არგუმენტებს მოსამართლე არც კი უსმენდა, რის გამოც დარჩათ შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მიიღო.

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ხულიგნობა და დანაშაულის შეუტყობინებლობა - სწორედ ამ მუხლებს ედავება გამოძიება 17 ბრალდებულს. ქართულ სასამართლოში დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობის დამტკიცების იმედი ადვოკატებს არ აქვთ, ამიტომ ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

სიმართლის დამტკიცებას შეეცდება გიორგი გელხაური. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანისგან სასურველი ჩვენება სამართალდამცველებმა ზეწოლის შედეგად მოიპოვეს. საქმეს უკვე იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი.

დღევანდელი პროცესის პარალელურად 18 ივნისის ღამის კიდევ რამდენიმე დეტალი დაზუსტდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბრალდებული ირაკლი წაქაძე შემთხვევის ადგილზე ავტომობილით ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილთან ერთად დაბრუნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

რა მოხდა 18 ივნისის ღამეს - ამ შეკითხვაზე ერთ-ერთი პასუხი ორი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი, მაშინ, როდესაც გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდება.

დღის ამბები