29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
თუ "ოცნების" გეგმაში ისევ ის ტყუილი შედის, რაც ნოემბერში მოიმოქმედა, მძიმე შედეგები მოჰყვება - სერგო რატიანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა პარლამენტში ხვალ გაიმართება. კენჭისყრა სავარაუდოდ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" გარეშე ჩაივლის.

პროცესში მონაწილეობას არც ერთი ფრაქცია არ აპირებს და მთავარ პირობად ისევ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს აყენებს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ნოემბერში დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, ამ ნაბიჯს მძიმე შედეგები მოჰყვება.

"თუ "ქართული ოცნების" გეგმაში ისევ ის ტყუილი შედის, რაც ნოემბერში მოიმოქმედა, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ ის შეთანხმება, რომელიც ნოემბერში დაარღვიეს,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის დავით ჭიჭინაძის თქმით, ცვლილებების კანონპროექტს პირველ მოსმენაზე ხმა არ მისცა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არც ახლა აპირებს.

"პირველ მოსმენაზე მივეცი წინააღმდეგობა, აქედან გამომდინარე არ ვაპირებ კენჭისყრაში მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ ხალხს უკან ხდება ეს შეთანხმება და რაც ხალხს უკან ხდება, იქ მონაწილეობას არ ვიღებ,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ საკონტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შანსი მინიმალურია.

"ვისი ხმაც იყო საჭირო იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შემდგარიყო, დარწმუნებული ვარ ყველა ის ადამიანი მესამე მოსმენითაც მისცემს ხმას. მე ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ხვალ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ფინალური, მესამე მოსმენით კენჭისყრა გაიმართება.

დღის ამბები