29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე, საბოლოო კენჭისყრა პარლამენტში ხვალ გაიმართება - ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია

ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაა. პარლამენტმა ცვლილებებს კენჭი მესამედ უნდა უყაროს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არც ამჯერად არ მიიღებს და მათი მთავარი მოთხოვნა ისევ გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

იგივეა "ევროპული საქართველოს" პოზიცია, თუმცა დღეს პარტიას ახალი განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ხვალ ცვლილებებს დაამტკიცებს და ამისთვის საჭირო ხმები მოგროვდება.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

"არ მივიღებთ მონაწილეობას. საქართველო არ არის ივანიშვილის საფეოდალო. ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა. უნდა გაათავისუფლონ გიორგი რურუა,"- აღნიშნავს რომან გოცირიძე.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც განხორციელდება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციური მხარე არჩევნებისკენ არ ისწრაფვის.

"ახლა რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ეს იქნება სტაბილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც შეეხება საფრთხეს, როდესაც ორი-სამი ხმით წყდება საკითხი, ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ საერთო კონსენსუსს ვინმე გამოაკლდეს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ელჩების მოწოდებას ამჯერად მაინც დაუჯერებს.

"სახელმწიფოსთვის იქნება კარგი თუ ელჩების მოწოდებას ამჯერად მაინც დაუჯერებენ და მესამე მოსმენაზე მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ახლა ხდება,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ფინალური, მესამე მოსმენით კენჭისყრა გაიმართება. 

დღის ამბები