29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
"თუ გაირკვევა, რომ ის ამბავი მართალია ჩვენი გზები გაიყოფა" - გუდიაშვილის მოედნიდან დაწყებული ინტერვიუ ოპოზიციასგამიჯნულ ალეკო ელისაშვილთან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერთან ინტერვიუ გურამ როგავამ სიმბოლურად გუდიაშვილის მოედნიდან დაიწყო, რომლის შენარჩუნებაშიც ალეკო ელისაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სწორედ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას შეეხებოდა პირველი კითხვაც. ალეკო ელისაშვილის თქმით, სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ნამდვილად ხარისხიანად მიმდინარეობს და ამას ელისაშვილი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩარევას უკავშირებს.

ინტერვიუს მთავარი საკითხი ალეკო ელისაშვილის პოლიტიკაში ჩართვა იყო. ყოფილი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პოლიტიკას ბინძური ადამიანები აბინძურებენ, პოლიტიკაში ჩართვის მიზანი კი მისი გაწმენდაა.

"საჯაროობა და პატიოსნება არის ის მზის შუქი რომელიც ამ ბაქტერიებს მოკლავს, რაც არის პოლიტიკაში ჩაბუდებული," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის ემხრობოდა იმას, რომ თბილისის 8 ოლქში ოპოზიციის კანდიდატების შერჩევა არა თავად პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ საერთო გამოკითხვით მომხდარიყო და ახლაც ამ აზრზეა.

"თუ მე იმ 8 კაცში არ მოვხვდები, გამოვალ და იმ კანდიდატებს მხარს დავუჭერ," - ამბობს ელისაშვილი.

მათ პარტიებთან უთანხმოების პარალელურად, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ კომპლიმენტებზეც მოუწია ალეკო ელისაშვილს განმარტება. მისი თქმით, ხოშტარიას და მელიას გამორჩეული ბრძოლის უნარი აქვთ და არც წარსული ამძიმებთ:

"მიუხედავად იმისა, რომ მაგათ პარტიებს ვერ ვიტან, პერსონალურად, ადამიანურად ძალიან მომწონს ერთის და მეორის სულისკვეთება და ბრძოლის უნარი. მით უმეტეს არც ერთს და არც მეორეს წარსული არ ამძიმებს, არც ხალხი უწამებიათ და არც ქრთამი აუღიათ," - აღნიშნა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა მისი პოლიტიკური თანამოაზრის ანა დოლიძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი პლატფორმა ანა დოლიძეს მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად მოიაზრებს, თუმცა ჯერ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული. ალეკო ელისაშვილს ანა დოლიძის დაფინანსების შესაძლო წყაროებზე და ამასთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან კრიტიკაზეც ჰკითხეს. იღებს თუ არა ანა დოლიძე დაფინანსებას კონკრეტული ბიზნესმენისგან - ალეკო ელისაშვილი ანა დოლიძის ნათქვამს ენდობა და ამბობს, რომ არა. ამასთან იმასაც აცხადებს, რომ თუ საეჭვო დაფინანსება დადასტურდა, მათი გზები აუცილებლად გაიყოფა:

"წარწყმედილი ოპოზიციონერები რას ილაპარაკებენ ეს ცალკე ამბავია, მაგრამ რამდენად მართალია, ეგაა მეორე ამბავი. მე ვერ დავდგები ისეთი ადამიანის გვერდზე თუ არ ვარ დარწმუნებული, რომ მასთან დაკავშირებით ყველაფერი კეთილსინდისიერია. არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო ანა დოლიძეში, მაგრამ თუ გაირკვევა, რომ ის ამბავი მართალია, რა თქმა უნდა, ჩვენი გზები გაიყოფა და ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება ჩემთვის. რა თქმა უნდა, მე ანას კამერას ვერ დავუმაგრებ და სუს-ის ოპერმუშაკებს ვერ მივამაგრებ, უნდა ვენდო სიტყვაზე და ვენდობი, მან თქვა, რომ არანაირად ერთი თეთრი არ მიუღიათ, ეს ჩემთვის საკმარისია, რომ მშვიდად ვიყო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის იმ ნაწილსაც უპასუხა, რომელიც მას ოპოზიციის ოპოზიციად მოიხსენიებს და აღნიშნა, რომ მთავარი არის ხალხი რას ფიქრობს მათზე და არა ის, თუ რას ფიქრობენ ერთმანეთზე:

"კონსულტაცია უნდა იყოს ხალხთან, გაგვზომოს ხალხმა, ვნახოთ გვიჭერენ, თუ არა მხარს, მე იმაზე რას ვფიქრობ და ის ჩემს ცხვირს როგორ ზომავს, კი არაა ამბავი, ხალხი რას ფიქრობს ჩვენზე," - ამბობს ელისაშვილი.

ინტერვიუს დასასრულს ალეკო ელისაშვილს ოპოზიციის მისამართით გაკეთებული გამონათქვამი შეახსენეს. იყო თუ არა სექსისტური ფრაზა "ორღობის დედაკაცივით ჭორაობს". ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამ გამონათქვამს სექსისტურად არ თვლის და არც ბოდიშის მოხდას ფიქრობს.

 

 

დღის ამბები