29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
რა დანაშაულს მალავს არაგვის ხევი - "კურიერმა" იმ გზის სავარაუდო მარშრუტი აღადგინა, რომელიც 19 წლის ფეხბურთელმა წვეულებიდან გარდაცვალების ადგილამდე გაიარა

"კურიერის" ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ გაიარა გზა ნარაკვევის აგარაკიდან 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ადგილამდე.

ნარეკვავის დასახლების აგარაკი დაბადების დღის წვეულების აღსანიშნავად ანი გაბეჩავამ იქირავა, ახალგაზრდა გოგონამ სახლის მეპატრონეს უთხრა, რომ იუბილეს 8 პირთან ერთად აღნიშნავდა. მას შემდეგ რაც ტერიტორია აგარაკის მესაკუთრემ დატოვა, წვეულებაზე თბილისიდან დაუპატიჟებელი სტუმრებიც ჩავიდნენ.

მასშტაბური დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა, თავგატეხილმა ვახო ჩიქოვანმა, ნაცემმა თენგო ბარბაქაძემ, ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და სხვა ნაძალადეველმა მეგობრებმა ტერიტორია დატოვეს და ავტომობილებით თბილისისკენ დაიძრნენ. ხელკეტებით შეიარაღდნენ და უბნელ მორაგბეებთან ერთად კვლავ ნარაკვევისკენ დაიძრნენ.

ამ დროს გიორგი შაქარაშვილი, მისი მეგობარი გურამ ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, გიორგი ქათამაძე და კოკო ღიბრაძე ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილის გაჩერებას და თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ.

"კურიერმა" გაარკვია, რომ კოკო ღიბრაძე იყო ის ახალგაზრდა, რომელიც წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა და საქმეში როგორც დიჯეი ისე ფიგურირებს. ერთ-ერთი ვერსიით აგარაკზე დაპირისპირება სწორედ მის გამო დაიწყო, თუმცა შაქარაშვილი და მისი თანმხლები არცერთი პირი ჩხუბში არ მონაწილეობდა.

ირკვევა, რომ პირველ მანქანში მყოფი პირები გზაზე ხელკეტებით მძიმედ გაუსწორდნენ გიორგი ქათამაძეს და ასევე სცემეს კოკო ღიბრაძე, იგივე დიჯეი. ვერცხლისფერ მერსედეს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი ძიუდოში გიგა ტატიაშვილი მართავდა, მასთან ერთად იმყოფებოდა თენგო ბარბაქაძე, რომელიც მანამდე აგარაკზე სცემეს, ერთი არასრულწლოვანი, ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე და კიდევ ერთი პირი. მათი წასვლის შედეგ ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, როდესაც შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან ისევ ავტომაგისტრალზე - შავი ფერის ავტომობილი გაჩერდა. 5 მგზავრი ახალგაზრდებს დაედევნა. ნაცემმა ქათამაძემ გზის მეორე მხარეს გადაირბინა, ვახო ახვლედიანი, გიორგი შაქარაშვილი და კოკო ღიბრაძე ხიდის ქვეშ გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი "ტოიოტას" მგზავრებმა მალევე დაიჭირეს და უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს.

"ტოიოტას" მარკის ავტომობილში მყოფი ექვსივე პირი დაკავებულია, მათში 4 მორაგბე იყო - ნიკა ჟვანია, არჩილს გაგნიძე, ვასილ მახარაძე და კიდევ ერთი, ასევე ნაცემი ვახო ჩიქოვანი და ერთი არასრულწლოვანი, მათთან ერთად თბილისში დაბრუნდა გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი, რომელიც მანქანში ჩაისვეს და ადგილზე მისი თხოვნის მიუხედევად მეგობრების მოძებნის საშუალება არ მისცეს. ამირხანაშვილის გარდა სისხლის სამართლის ამ საქმეს კიდევ რამდენიმე ოქროს მოწმე ჰყავს.

ამ დრომდე უცნობია - ვინ და რა მდგომარეობაში ნახა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი უკანასკნელად. ახალგაზრდა ფეხბურთელი საბედისწერო 18 ივნისის ღამეს ისე გაუჩინარდა, რომ დეტალები ამ დრომდე გამოძიებისთვისაც უცნობია, მომხდარის შესახებ მისმა მშობლებმა გურამ ამირხანაშვილისგან მხოლოდ მეორე დილით შეიტყვეს, რა დროსაც პროცესში პოლიციაც ჩაერთო. ცხედარი 4 დღიანი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაუჩინარების ადგილიდან 2-3 კილომეტრში, მდინარეში, მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს იპოვეს.

დღის ამბები