29 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
17 ბრალდებული და არცერთი აღიარებითი ჩვენება - რა ვითარებაში დაიღუპა 19 წლის ფეხბურთელი ცხედრის ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს პასუხი

უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ხულიგნობა და დანაშაულის შეუტყობინებლობა - ბრალდებების ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია, ისევე როგორც დაკავებული ახალგაზრდების რაოდენობა. 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს 17-ვე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. საქმე, რომელიც ორი ეპიზოდისგან შედგება საკმაოდ მოცულობითია. დაპირისპირება აგარაკზე და დაპირისპირება ავტომაგისტრალზე - გიორგი შაქარაშვილის კვალი სწორედ ნარეკვავთან მდებარე ავტომაგისტრალიდან ქრება, თუმცა არცერთი ბრალდებული მასზე არაფერს ამბობს, მეტიც ყველა მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საბედისწერო წვეულების მეორე ეპიზოდის ფიგურანტი მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი გამოძიებას ეუბნება, რომ მას ფეხბურთელი ავტომაგისტრალზე საერთოდ არ უნახავს. მისი უფლებადამცველის გიორგი ყიფშიძის თქმით, ტატიაშვილი დაპირისპირების არსებობას არ უარყოფს, თუმცა იქ არც შაქარაშვილი იყო და არც თავად მონაწილეობდა გარჩევაში.

საქმეზე ბრალდებული 17 ახალგაზრდიდან 3 არასრულწლოვანია. მათ შორის ერთის მიმართ დაკავებულის თქმით, პოლიციამ მამის თვალწინ იძალადა. საქმეზე დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში - გამომძიებელმა არასრულწლოვნის მამა გამოკითხა. თამაზ ხომასურიძემ ადვოკატის თქმით, დაასახელა ის პირი, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა.

თამაზ ხომასურიძე "კურიერთან" დეტალურად იხსენებს დღეს, როცა ის მის შვილთან ერთად მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. თამაზ დაკავებულის მამა ამბობს რომ, გამოძიება 16 საათს გაგრძელდა, ბოლოს კი არასრულწლოვანმა ისეთ ჩვენებას მოაწერა ხელი, რომელიც საერთოდ არ წაუკითხავს.

ამ დრომდე ბუნდოვანებით მოცულ საქმეს, რომელიც დაბადების დღის წვეულებაზე იწყება და 19 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე შეეწირა 5 დაზარალებული ახალგაზრდაც ჰყავს. აქედან ორი ვახტანგ ჩიქოვანი და ვახტანგ ახვლედიანია, ვის შორისაც დაპირისპირება თავდაპირველად აგარაკზე დაიწყო. ჩიქოვანი ახლა დაზარალებული და თანაც 2 მუხლით ბრალდებულია, რაც შეეხება ახვლედიანს, ის ავტომაგისტრალის ეპიზოდში - დაზარალებულად მცხეთის პოლიციაში დღეს სცნეს.

ახლა ყველა კითხვას პასუხი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს, რომელიც 2 კვირაში გახდება ცნობილი. გამოძიება გრძელდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შესაძლოა დამნაშავეთა პირთა წრე გაიზარდოს და ბრალდებებიც დამძიმდეს. სამართლებრივად 72 საათია იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს. პარალელურად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიება სამართალდამცველის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ჩვენების იძულებით მიღების მუხლებით აქვს დაწყებული.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დღის ამბები