29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
პოლიციელი, რომელმაც შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე სავარაუდოდ იძალადა, შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირი იყოს - უფლებადამცველი

რამდენიმე წუთის წინ დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შენობა, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ და უფლებადამცველმა.

მათი თქმით, გამომძიებელს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია იმ დღის შესახებ, როდესაც არასრულწლოვანი მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა რა დროსაც, არასრულწლოვანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა.

"ყველა ინფორმაცია და ყველა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმ პიროვნების, რომელმაც მოახდინა ზეწოლა არასრულწლოვანზე და დეტალურად აღუწერა ყველა ის გარემოება, სად მოხდა დარტყმა. სად მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა და სად მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომელიც იყო ზოგადად პოლიციის მხრიდან განხორციელებული იმ დღეს.

სხვა პოლიციელები მას ეპყრობოდნენ მოწიწებით, მიმართავდნენ მამის სახელით, შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყოს პოლიციაში ეს პიროვნება.

მას ძლიერად ჩაარტყეს თავის არეში, როდესაც მან უთხრა გარკვეულ პირობაზე, რომ ისე არ იყო და ამ პოლიციელს მისგან სურდა მიეღო შესაბამისი ჩვენება და შემდგომ უკვე როდესაც ის გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, კერძოდ ხიდთან იმ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე, ზურგში ჩაარტყა მუშტი," - განაცხადა დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა

"ვუთხარი რა ძალადობაც მოხდა ჩემს შვილზე - ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობაა. პოლიციაში იქვე ადგილზე არ გამომითქვამს პრეტენზია, იმიტომ, რომ შემეშინდა, რათა შვილისთვის უფრო მეტი ზიანი აე მიეყენებინათ," - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ თამაზ ხამასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

 

 

 

დღის ამბები