29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ჩვენ გავხდით ალტერნატივა იმ ორი ძალის, რომელიც ბოლო 9+8 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას - მამუკა ხაზარაძე

2019 წლის 12 სექტემბრიდან ხართ პოლიტიკაში - რატომ ვერ გახდით მესამე ცენტრი ქართულ პოლიტიკაში? -"ღამის კურიერის" წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა ამ კითხვით პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მიმართა.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ლელო" არ არის დაფუძნებული მესამე ადგილისთვის,  ისინი დაფუძნებულები არიან გამარჯვებისთვის.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვქონია, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი ვყოფილიყავით. ჩვენ გავხდით ალტერნატივა იმ ორი ძალის, რომელიც ბოლო 9+8 წლის განმავლობაში მართავს ჩვენს ქვეყანას.

სწორედ იმ გზაზე ვდგავართ რა მიზანიც და გეგმაც გვქონდა სექტემბერში. ჩვენ გვიერთდება მრავალფეროვანი ახალგაზრდობა. 20 000 ადამიანია გაწევრიანებული "ლელოში".

ჩვენ არ ვართ მესამე ადგილისთვის გაჩენილები, ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაფუძნებულები. პოლიტიკურ ბაზარზე მოთხოვნაა, რომ ახალი სახეები იყვნენ და ჩვენ სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეკითხვაზე- საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 79% პროცენტი, თვლის, რომ საქართველოს პოლიტიკაში საჭიროა ახალი სახეები- თქვენ რატომ არ ხართ ამ 79%-ში? - მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარტიის ცნობადობა, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია და უტოლდება იმ პარტიებს, რომლებიც პოლიტიკურ ბაზარზე უკვე ათეულობით წლებია, რაც არსებობენ.

"ეს არ იყო გამოკვლევა პარტიების, აქ იყო გამოკვლევა რა მოლოდინი ჰქონდა მოსახლეობას არჩევნებზე. ეს 79%- სწორედ იმას პასუხობს, რაც მე ვთქვი ანუ ახალ სახეებს.

ჩვენ ვქმნით ახალ ალტერნატივას. ჩვენ ვართ ხუთი თვის პარტია და პანდემიის პირობებში ჩვენი ცნობადობა არის 90%-ი. ჩვენი ცნობადობა უტოლდება ამ ძველ პარტიებს, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ესენი არიან ათეულწლოვანი პარტიები და ჩვენ მათ ვუტოლდებით,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები