29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ 17 პირს შორის მორაგბეები, ფეხბურთელი და ძიუდოისტი არიან

7 დღიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული, გამოვლენილია - ის ერთ-ერთია იმ 17 ადამიანიდან, რომელიც თბილისის სამმართველოში დღეს დილით ხელბორკილებით შეიყვანეს.

ვინ იყო პირი, რომელმაც შაქარაშვილს მდინარე არაგვის კალაპოტამდე სდია და როგორ დასრულდა მათი დაპირისპირება, უცნობია. ამ თემაზე გამოძიება ჯერ კიდევ მუშაობს. მისი ვინაობა იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ დეტალებს უწყება ჯერ არ ასაჯაროებს. უბნებს შორის მომხდარი დიდი გარჩევისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დატრიალებული ტრაგედიის გამო დაკავებულ პირებს, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, 17 პირიდან რამდენიმე არასრულწლოვანია.

დღეს ყველას ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან. მათ შორის, იმ არასრულწლოვნის უფლებადამცველი, რომელსაც გამოძიება გურამ ამირხანაშვილისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება. პირის ადვოკატი და ოჯახი ამტკიცებენ, რომ გამოკითხვის დროს მცხეთაში მასზე გამომძიებლებმა ფიზიკურად იძალადეს. საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასრულების შედეგ, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს, დაკავებულთა ბრალი დამძიმდეს და ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიებამ დიდი დაპირისპირების სქემა ნაწილობრივ გაშიფრა, ცნობილია დაპირისპირების ყველა დეტალი, გარდა მთავარისა - რა მოხდა არაგვის კალაპოტში, სადაც გიორგი შაქარაშვილი მოძალადეებისგან დამალვას ცდილობდა. ცნობილია, რომ დაპირისპირება ნარაკვევში დაქირავებულ აგარაკზე დაიწყო. ნაძალადევში მცხოვრები ახალგაზრდები, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში წამოვიდნენ, ჯგუფური ძალადობა დაგეგმეს და კვლავ აგარაკის მიმართულებით დაიძრნენ, რა დროსაც დაპირისპირება ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

საქმეში 3 ავტომობილი ფიგურირებს, ამ დრომდე უცნობია ვის ეკუთვნის ცისფერი "მერსედესი", რომელიც დაქირავებულ აგარაკზე იყო.

"მერსედესისა" და შავი ფერის "ტოიოტას" ყველა მგზავრი ამ დროისთვის დაკავებულია. ხელბორკილები დღეს საკუთარ სახლებში დილის 8 საათზე დაადეს მორაგბეებს, ფეხბურთელებსა და ძიუდოისტებს. დაჭერილია სარაგბო კლუბ "ასკანელის" მწვრთნელი ნიკა ჟვანია, მისი მეგობარი, ასევე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე. დაპატიმრებულებს შორისაა, 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძეც.

დაკავებულებს შორის არის ცნობილი ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც, რომელიც ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია. ის, დაბადების დღის წვეულებაზეც იმყოფებოდა, დაპირისპირების შემდეგ, საკუთარი ავტომობილით 5 მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისში წავიდა. მოგვიანებით, ის ასევე 5 პირთან ერთად, უკან დაბრუნდა. ცნობილია, რომ მისი ავტომობილის მგზავრმა ვახო ახვლედიანზე ფიზიკური ძალადობის დროს, რკინის ხელკეტი გამოიყენა. ამ დრომდე, უცნობია ვინ იცავს ძიუდოისტის უფლებებს, მისი მეგობრების ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ნაძალადევში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჯერ საბურთალოელები გაუსწორდნენ, უკან დაბრუნებულებმა კი შური იძიეს.

როგორც "კურიერს" სანდო წყარო უყვება, დაკავებულთა შორის არის ვახო ჩიქოვანი, რომელიც დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

მასსა და ვახო ახვლედიანს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ აგარაკზე მოხდა, რის შემდეგაც ვახო ჩიქოვანმა თავის მძიმე დაზიანება მიიღო და მეგობრებთან ერთად ტერიტორია დატოვა. დაგეგმილი ძალადობის შემდეგ, უკან შავი ფერის, მისი კუთვნილი "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილით 5 პირთან ერთად დაბრუნდა. მის მანქანას მორაგბე ვასილ მახარაძე მართავდა. 

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა ამბობს, რომ საქმეში არა ერთი, არამედ რამდენიმე ხელკეტი ფიგურირებს. მისივე თქმით, თბილისის მთავარ მაგისტრალზე არა 4, არამედ 6 პირი იმყოფებოდა. 6 პირიდან 2 პირველ ეპიზოდში მონაწილებდა, ერთ-ერთი ვახო ახვლედიანია, რომელსაც თბილისიდან დაბრუნებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების დროს 4 პირი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და არაგვის ხიდის ქვეშ გაჩერდნენ.

ავტომობილის წასვლის შემდეგ, ისინი დაბრუნდნენ და ახვლედიანს დახმარება აღმოუჩინეს, რა დროსაც მათ წინ შავი ფერის "ტოიოტა" გაჩერდა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით ბიძის მონაყოლით, "ქამრის" მგზავრები დანარჩენი პირების მიმართაც აგრესიულები იყვნენ და ახალგაზრდებს გაეკიდნენ, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ნაცემი ვახო ახვლედიანი და მისი მეგობარი მდინარისკენ გაიქცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს განჩინებით დღეს, დილის 8 საათზე, 17 პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანა. გამოძიება ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულთა შორის არიან ინციდენტის დროს დაშავებული საბურთალოელი და ნაძალადეველი ახალგაზრდები, ასევე არასრულწლოვნებიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე უფრო გაიზარდოს.

დღის ამბები