29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
პრემიერი პარლამენტში - ოპოზიციის კითხვები, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები საკანონმდებლო ორგანოში  

პარლამენტში მესამედ პრემიერი წლიური ანგარიშით მივიდა, ოპოზიციამ კი შეკითხვები ზუსტად ერთი წლის წინანდელი ფაქტებით დაიწყო. ოპონენტები იმან გააკვირვა,  რატომ არ ახსენა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისის მოვლენები. ადრესატამდე შეკითხვას უმრავლესობამ უპასუხა, რაც დარბაზში პირველი ხმაურის მიზეზი გახდა. 

სესიაზე ოპოზიციისთვისაც და უმრავლესობისთვისაც ერთნაირად აქტუალური იყო შეკითხვები "ფეიკნიუსებთან" დაკავშირებით, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი, რაც ორივე მხარეს ერთნაირად აინტერესებდა. 

იყო თუ არა ბაჩანა შენგელიას საქმეში პოლიტიკური მოტივები და რა პასუხი აქვს ამაზე მთავრობას, ამ არაერთხელ დასმულ შეკითხვაზე პასუხში ვიცეპრემიერი ჩაერთო.

გამოუძიებელი საქმეები, საგარეო ვალი, ტურიზმი, ბიზნესის ამუშავების გეგმები, სოციალური დახმარებები - შეკითხვები სხდომაზე უხვად ჟღერდა. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთმანეთის კრიტიკისთვის ეს შანსიც წარმატებით გამოიყენეს.  

ოპოზიციამ სხდომაზე 13 კონგრესმენის ხელმოწერილი დოკუმენტიც გაიხსენა.

რამდენიმესაათიანი კითხვა-პასუხისა და დებატების შემდეგ ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო ოფიციალური სესია ისტორიას ბევრ საინტერესო მომენტს დაუტოვებს.

პრემიერ-მინისტრს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დასკვნით დღეს მოუსმინა, ამ მოწვევის პარლამენტში გახარია ბოლოჯერ წარდგა.     

დღის ამბები